მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გახდა "საქნახშირის" ახალი მფლობელი - ინტერვიუ Steel International Trading Company-ს მენეჯერთან

5d8dd97283092
BM.GE
27.09.19 13:45
4951
ტყიბულის ქვანახშირის შახტების 12-წლიანი მართვის შემდეგ, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ქვანახშირის მოპოვებას ჩამოსცილდა. "საქნახშირის" 125-მილიონიანი აქტივები ახალ ინვესტორს - Steel International Trading Company-ის სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ქართველი და უკრაინელი ბიზნესპარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია ვალდებულებას იღებს, საწარმოში ინვესტიციები განახორციელოს და მისი მოგებაზე გაყვანა შეძლოს.

გარიგების დეტალებისა და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ BMG Steel International Trading Company-ს მენეჯერს ალექსანდრე ჩოჩიას ესაუბრა. მისი თქმით, "საქნახშირის" შეძენასთან დაკავშირებით მათ მოლაპარაკებები გასული 5 თვის განმავლობაში ჰქონდათ. ჩოჩია ამბობს, რომ "საქნახშირის" განვითარებაში თავდაპირველად 8 მილიონ ლარს ჩადებენ, რის პროექტსაც უახლოეს მომავალში საზოგადოებას და სახელმწიფოს წარუდგენენ.

"წინასწარი პროექტით ეს არის დაახლოებით, 8 მილიონი, რაც პირველ ეტაპს წარმოადგენს. ეს იქნება პირველი ეტაპის ინვესტიცია. როგორც კი დასრულდება საინვესტიციო პროექტის მომზადება, ეტაპობრივი იქნება და მას წარმოვადგენთ და შესაბამისად სახელმწიფოსაც წარვუდგენთ მას. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოოდ კონტრაქტის დრაფტზე მუშაობა, რომელსაც დღეს, მაქსიმუმ ხვალ გავაფორმებთ, რის შედეგადაც Steel International Trading Company გახდება საქნახშირის მფლობელი". 

კითხვა - სად ხედავთ ნახშირის გასაღების ბაზარს? იქნება ეს ექსპორტი, თუ ადგილობრივ ბაზარზე მოხდება მისი რეალიზაცია?

ალექსნადრე ჩოჩია - "ადგილობრივი ბაზარიც რა თქმა უნდა იქნება, რათა გამოყენებული იქნას ენერგეტიკულ ნახშირად თბოსადგურში, რომელმაც უნდა იმუშავოს ქვანახშირზე. ასევე განიხილება შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ექსპორტირება - თურქეთსა და უკრაინაში. თურქეთის ბაზრისთვის საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება საქართველოს პროდუქცია". 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ალექსანდრე ჩოჩია 2018 წლიდან შპს "ჯორჯიან მანგანეზ მენეჯმენტის" დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. თავად ჩოჩია ამბობს, რომ ეს კომპანია არ ფუნქციონირებს, ხოლო მას "ჯორჯიან მანგანეზთან" არავითარი კავშირი არ აქვს.

2018 და 2017 წლები "საქნახშირმა" 21 და 16 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. კომპანიის ახალი მფლობელი ამბობს, რომ ქვანახშირის წარმოების ზრდის შემთხვევაში, შახტების მომგებიანად ოპერირება არის შესაძლებელი, "წარმოების გაზრდით შესაძლებელია კომპანიის მოგებაზე გაყვანა". 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ინფორმაციით, Steel International Trading Company-სთან ერთად პროექტში კომპანია Coal of Georgia-ც არის ჩართული. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია საქართველოში 2019 წლის 15 აპრილს დაფუძნდა და მის მფლობელს უკრაინული კომპანია "უკრსპეცტექნიკა" წარმოადგენს. თავად "უკრსპეცტექნიკას" ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის 95%-იანი წილი უკრაინის მოქალაქეს ივან მაკაროვს, 5%-იანი წილი კი ასევე უკრაინის მოქალაქეს ლიდია ობორნას ეკუთვნის.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მმართველობითი ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ტყიბულის შახტებში 2018 წელს 115,060 ტონა ქვანახშირი, 2017 წელს კი 224,946 ტონა მოიპოვეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "საქნახშირის" ვალდებულებები 63 მილიონ ლარს შეადგენდა. 

წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიხედვით, ტყიბულში ნახშირის დამტკიცებული მარაგები 331 მილიონ მეტრულ ტონას შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები