NBA-ს ახალი სეზონის სამზადისში, ბუნებრივია, ყურადღება გადაინაცვლებს ლიგის ყველაზე დიდ ვარსკვლავებზე — არა მხოლოდ მათი თამაშის ხარისხის, არამედ იმ წარმოუდგენელი ანაზღაურების გამოც, რომლებსაც ისინი იღებენ. 2025–26 წლების სეზონში საკალათბურთო სამყაროს ტოპ მოთამაშეები კვლავ მიიღებენ საოცარ ანაზღაურებას, რაც ბევრს შესაძლოა გადამეტებულადაც კი მოეჩვენოს.
მოცემული სია კი ასახავს NBA-ის მომდევნო სეზონის ხუთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს:
5. ჯიმი ბატლერი (Golden State Warriors) - $54.2 მლნ
ჯიმი ბატლერი, რომელიც NBA-ის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია, ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც “მაიამი ჰიტიდან” მოულოდნელად გადაბარგდა „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ და გააფორმა შთამბეჭდავი ორწლიანი კონტრაქტი. ბატლერის წლიური საშუალო ანაზღაურება ახლა დაახლოებით 55 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას NBA-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.
მან “უორიორსთან” ორი წლით გახანგრძლივებული კონტრაქტი გააფორმა $121 მილიონად, რომელიც მოქმედი იქნება 2026–27 წლების სეზონის ჩათვლით. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც 2025–26 წლების სეზონისთვის საკუთარი $52 მილიონის ღირებულების მოთამაშის ოფციონი საკუთარი ნებით უარყო.
მისი ანაზღაურება "უორიორსში" ასე გადანაწილდება:
- 2024–25 სეზონი: $48,798,677
- 2025–26 სეზონი: $54,126,450
- 2026–27 სეზონი: $58,456,566
ახალი შეთანხმებით, მას არამხოლოდ მაღალი ანაზღაურება გარანტირებული აქვს, არამედ შესაძლებლობა — კარიერის დასასრულისკენ კიდევ უფრო დიდ როლი ითამაშოს საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდში.
4. იანის ანტეტოკოუნმპო (Milwaukee Bucks) - $54.2 მლნ
იანის ანტეტოკოუნმპო ამჟამად იმყოფება ხუთწლიანი, 228 მილიონ დოლარიანი “სუპერ მაქსიმალური“ კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც 2020 წელს გააფორმა “მილუოკი ბაქსთან“. აღნიშნული გარიგება მას NBA-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს — მისი საშუალო წლიური შემოსავალი $45.6 მილიონ შეადგენს.
იანისს ასევე აქვს რამდენიმე მაღალი დონის სარეკლამო კონტრაქტი ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Nike, JBL და Hulu. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მისი სახელობის სპორტული ფეხსაცმელი — Nike-ის “Zoom Freak“ სერია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გარდა სპორტული და სარეკლამო შემოსავლებისა, ანტეტოკოუნმპო აქტიურად იჩენს ინტერესს მეწარმეობაში — მან ცოტა ხნის წინ მცირე წილი შეიძინა MLB-ის გუნდ “მილუოკი ბრუვერსში“, რითაც კიდევ უფრო გააფართოვა საკუთარი ფინანსური აქტივები.
3. ჯოელ ემბიდი (Philadelphia 76-ers) - $55.3 მლნ
მორიგი ტრავმებით დატვირთული სეზონი ჰქონდა ჯოელ ემბიდს, რომლის 2024–25 წლების გამოსვლაც “სიქსერსთან“ კვლავაც შემოიფარგლა მუხლის ქრონიკული პრობლემებით. მიუხედავად ჯანმრთელობის სირთულეებისა, ემბიდმა მაინც შეძლო საშუალოდ 23.8 ქულის, 8.2 მოხსნისა და 4.5 პასის დაფიქსირება თითოეულ მატჩში, რაც ადასტურებს, რომ მოედანზე ყოფნისას იგი კვლავაც ძლიერ შეტევით ძალას წარმოადგენს. მისი სროლის ეფექტიანობაც მაღალი დარჩა, როგორც თამაშიდან, ისე საჯარიმო ხაზიდან.
თუმცა მუხლის პრობლემებმა მას სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოატოვებინა. მცირე დაბრუნების შემდეგ, გადაწყდა მისი სრულად გაჩერება და სარეაბილიტაციო პროცესზე კონცენტრირება — ეს უკვე მეორე სერიოზული მუხლის ოპერაცია იყო ერთ წელზე ოდნავ მეტი შუალედით. ამ მდგომარეობამ სერიოზული კითხვები გააჩინა მისი გამძლეობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც „ფილადელფიას“ სამომავლო გეგმებისთვის კრიტიკულია.
“სიქსერსის“ ერთგულება ემბიდის მიმართ ნათელია 2024 წელს მათ კონტრაქტი ხუთი წლით გაუგრძელეს, რის შედეგადაც საერთო ხელშეკრულების ღირებულება $300 მილიონს აღწევს. როგორც გუნდის მთავარი ფიგურა, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება აუცილებელია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მისი გავლენა და შეინარჩუნონ საჩემპიონო იმედები.
2. ნიკოლა იოკიჩი (Denver Nuggets) - $55.3 მლნ
ნიკოლა იოკიჩი, „დენვერ ნაგეთსის“ ვარსკვლავი ცენტრი, დღესდღეობით NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტალანტია. სამგზის MVP-ის ტიტულის მფლობელმა მიმდინარე სეზონში მეორე ადგილი დაიკავა MVP-ის რეიტინგში, შეი გილჯეს-ალექსანდერის შემდეგ, რაც ცხადყოფს ამ ჯილდოს მაღალი კონკურენციის დონეს. ამ სეზონშიც თავისი მრავალმხრივი თამაშის დემონსტრირება განაგრძო, 70 მატჩში საშუალოდ სამმაგი დუბლი დააფიქსირა, რაც NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ორ სხვა მოთამაშეს აქვს მიღწეული.
მისი საკალათბურთო ინტელექტი და ხედვა საშუალებას აძლევს მას წარმართოს დენვერელების შეტევა, ხოლო ქულების დაგროვების უნარი და მოხსნები უზრუნველყოფს მის სიძლიერეს მოედნის ორივე მხარეს.
მისი ხელფასი სრულად ასახავს მის ელიტურ სტატუსს და “ნაგეთსისთვის“ ნიკოლას ფასეულობა უდავოა. მისი უნარების განვითარება კვლავ გრძელდება და თუ ჯანმრთელობას შეინარჩუნებს და ფორმას არ დაკარგავს, ის აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი როგორც ჩემპიონობისთვის, ისე MVP-ის მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად.
1. სტეფ კარი (Golden State Warriors) - $59.6 მლნ
სტეფ კარი 2024–25 წლების სეზონში NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა — ფაქტი, რომელიც მის გამორჩეულობასა და თამაშზე გავლენას უსვამს ხაზს. 37 წლის ასაკშიც კი კარი კვლავაც არღვევს მოლოდინებს, კერძოდ სეზონში 70 ჩატარებულ მატჩში საშუალოდ 24.5 ქულა, 6.0 პასი და 4.4 მოხსნა დააგროვა. მისი უნიკალური სიზუსტე სამქულიანების ხაზიდან კვლავაც “გოლდენ სტეიტ უორიორსის“ შეტევის ბირთვია და უდიდეს თავსატეხს წარმოადგენს მთელი ლიგის დაცვისთვის.
თუმცა, კარი მხოლოდ ქულების მომპოვებელი არაა — მისი პასების უნარს, მოედნის ხედვასა და ლიდერობას მის გარშემო მყოფი მოთამაშეები ახალ დონეზე აჰყავს. სწორედ ამიტომაც არის ის მთავარი საყრდენი გუნდისთვის, რომელიც ასაკისა და ტრავმების ბუნებრივი გავლენის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობის უნარს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა მისი პლეი-ოფში მონაწილეობის დრო შეზღუდა, რეგულარულ სეზონში მისი გამოცდილება ფასდაუდებელი იყო.
ფინანსურად, კარის გასული სეზონის ხელფასი — თითქმის $56 მილიონი დოლარი ასახავს იმ ღირებულებას, რომელსაც “გოლდენ სტეიტი“ მის უნარებსა და მარკეტინგულ ძალაზე ანიჭებს. უფრო მეტიც, მისი შემოსავალი მომავალ სეზონებში კიდევ უფრო გაიზრდება: 2025–26 წლების სეზონში ის მიიღებს 59.6 მილიონ დოლარს, ხოლო 2026–27-ში — უკვე 62.6 მილიონს, რაც მიანიშნებს კლუბის ძლიერ ერთგულებაზე მისი როგორც ლიდერის მიმართ.
როცა კარი მიუახლოვდება თავისი კონტრაქტის ბოლო წლებს, მთავარი კითხვა იქნება — რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს ასეთი მაღალი დონე და ამავე დროს დაიცვას თავი ტრავმებისგან. თუ ეს მოახერხა, კარი არა მხოლოდ გაამართლებს ამ ასტრონომიულ ანაზღაურებას, არამედ კვლავაც შეუნარჩუნებს “უორიორსს“ საჩემპიონო ამბიციებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.




























