თურქეთში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, ქართული წარმოშობის მეწარმე, Acarlar Holding-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ისმეთ აჯარი (ვაჭარაძე).
ისმეთ აჯარი 1946 წლის 1 აპრილს, ართვინის პროვინციის სოფელ არალიკში (ისტორიული ხალვა) დაიბადა. იგი წარმოშობით ქართველი იყო. ართვინის გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1965 წლიდან მუშაობა დაიწყო სტამბოლში, საზოგადოებრივ სამუშაოთა სამინისტროს სოფლის გზების დეპარტამენტში მუშად. პარალელურად, სწავლობდა საინჟინრო სკოლის სამშენებლო ინჟინერიის საღამოს განყოფილებაში. 1967 წლიდან აქტიურად ჩაერთო პროფკავშირულ საქმიანობაში, სადაც წლების განმავლობაში წამყვან პოზიციებს იკავებდა.
1983 წელს ისმეთ აჯარმა დატოვა პროფკავშირები და დააფუძნა „Acarlar Şirketler Topluluğu“ (Acarlar Holding), რომელიც მისი ხელმძღვანელობით თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატად იქცა.
bm.ge გთავაზობთ აჯარის ქონების ჩამონათვალს, რომელიც ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი:
- Acarkent (ბეიკოზი, სტამბოლი): ისმეთ აჯარის სახელს უკავშირდება სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული, მასშტაბური და ძვირად ღირებული საცხოვრებელი პროექტის, „აკარკენტის“ მშენებლობა ბეიკოზის რაიონში. ამ პროექტმა სრულიად შეცვალა და განავითარა ეს რეგიონი.
- Acarlar Neighborhood (აკარლარის უბანი): სტამბოლში აშენებული მთელი საცხოვრებელი კვარტალი და მიკრორაიონი, რომელიც ჰოლდინგის მფლობელობაშია.
- Acar Verde (ბეიკოზი): უახლესი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აკარკენტში, რომელიც მოიცავს მრავალბინიან ცათამბჯენებსა და ბლოკებს.
- სამშენებლო და დეველოპერული სექტორი: ჰოლდინგის მთავარი ბირთვი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა გიგანტურ ინფრასტრუქტურულ და საცხოვრებელ პროექტებს თურქეთის მასშტაბით.
- უძრავი ქონების მართვა: კომპანიის მფლობელობაში არსებული მრავალმილიონიანი მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები და ვილები.
- ტურიზმი და ინვესტიციები: ჰოლდინგი წლების განმავლობაში აქტიურად აფართოებდა საქმიანობას ტურისტულ სექტორსა და სხვადასხვა მსხვილ კაპიტალდაბანდებებში.
თურქული მედია წერს, რომ ისმეთ აჯარი ცნობილი იყო თავისი მასშტაბური ქველმოქმედებით. მისი ერთ-ერთი ბოლო ყველაზე რეზონანსული ნაბიჯი თურქეთის შეიარაღებული ძალების სოლიდარობის ფონდისთვის გაღებული შეწირულობაა. მან ფონდს საკუთარ პროექტში „Acarkent Acar Verde“-ს ბლოკებიდან 12 ძვირად ღირებული ბინა გადასცა, რომელთა რეალიზაციით მიღებული თანხაც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, ვეტერანებსა და შშმ პირებს მოხმარდებათ.
ბიზნესმენი დაქორწინებული იყო მერიემ აჯარზე, რომელთანაც სამი შვილი ერდალ აჯარი, ჰიქმეთ ერდინჩ აჯარი და ფუნდა აჯარი ჰყავს. შვილები მამის ბიზნესის მართვაში აქტიურად არიან ჩართულები.
თურქული მედიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი ფინანსური კაპიტალის ოდენობა ოფიციალურად გასაიდუმლოებულია, აჯარის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ეკონომიკური სამყაროსთვის, თუმცა მისი მემკვიდრეობა „Acarlar Holding“-ისა და მის მიერ აშენებული გიგანტური ქალაქების სახით გაგრძელდება.


























