აშშ-ში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეთულა გიულენი. თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი, ერთ დროს მისი პარტნიორი და თანამებრძოლი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი 2016 წელს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა, გავლენიანი სასულიერო პირი იყო მუსლიმურ სამყაროში. გიულენის გარდაცვალების ცნობა მისმა ძმისშვილმა გაავრცელა სოციალური ქსელით 21 ოქტომბერს. ღვთისმეტყველი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც პარასკევის ლოცვების ხელმძღვანელმა თურქეთის ქალაქ იზმირში 1960-იან წლებში, 1999 წელს აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, საკუთარი ნებით, როცა ბრალად დასდეს თურქეთის სეკულარული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრა.მოგვიანებით ეს ბრალდება დაუსწრებლად მოუხსნეს, მაგრამ გიულენი ამერიკაში დარჩა, როგორც მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური სამოქალაქო ორგანიზაციის ეული ხელმძღვანელი და არამხოლოდ გავლენიანი, არამედ საკმაოდ მდიდარი ადამიანიც იყო.