მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ მართავს მსოფლიო რეზერვებს? – ყველაზე დიდი აქტივების მქონე ცენტრალური ბანკები

eu

ცენტრალურ ბანკებს გლობალური ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, მონეტარული პოლიტიკის მართვასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაში ფუნდამენტური როლი აკისრიათ. ბოლო წლებში ბევრმა მათგანმა თავისი ბალანსი აქტივების ფართომასშტაბიანი შესყიდვების, საგარეო რეზერვების დაგროვებისა და სხვადასხვა მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებების საშუალებით მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, ცენტრალური ბანკის მთლიანი აქტივების მოცულობა გლობალურ ფინანსურ სისტემაში მისი გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად იქცა.

მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას ევროზონაში არეგულირებს, სხვა ცენტრალურ ბანკებთან შედარებით ყველაზე დიდი მოცულობის აქტივებს ფლობს, რაც ჯამში 7.13 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავისი ბალანსი ობლიგაციების შესყიდვის ფართო პროგრამების მეშვეობით საგრძნობლად გაზარდა, რაც მიზნად წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ინფლაციის მართვას ისახავდა.

ჩინეთის სახალხო ბანკი, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას ემსახურება, 6.62 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს და უცხოური ვალუტის უზარმაზარ რეზერვებს განკარგავს. ეს ინსტიტუტი შიდა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, იუანის კურსის მართვასა და ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ცენტრალური ბანკი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა 6.59 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობს და მის გადაწყვეტილებებს გლობალურ პროცესებზე უდიდესი გავლენა აქვს. ისეთი მასშტაბური ეკონომიკური მოვლენების შემდეგ, როგორიც იყო 2008 წლის ფინანსური კრიზისი და COVID-19-ის პანდემია, FED-მა თავისი ბალანსი რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამების მეშვეობით გაზარდა, რაც მიზნად ლიკვიდურობისა და ეკონომიკური გაჯანსაღების მხარდაჭერას ისახავდა.

იაპონიის ბანკი 4.52 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობს და დიდი ხანია, თავისი მონეტარული შემსუბუქების აგრესიული პოლიტიკითაა ცნობილი. დეფლაციასთან ბრძოლისა და შიდა ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით, იაპონიის ბანკმა აქტივების ფართომასშტაბიანი შესყიდვები განახორციელა, რის გამოც იგი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ცენტრალურ ბანკად იქცა, ქვეყნის ეკონომიკის ზომასთან მიმართებით.

შვეიცარიის ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას მართავს, 1.11 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობს. იმის გამო, რომ შვეიცარიული ფრანკი "უსაფრთხო" ვალუტად ითვლება, გაცვლითი კურსის ზეწოლის შესამცირებლად და ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ეროვნულმა ბანკმა საგარეო ვალუტის მნიშვნელოვანი რეზერვები და აქტივები დააგროვა.

ინგლისის ბანკი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც 1.00 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობს და გაერთიანებული სამეფოს მონეტარულ პოლიტიკას მართავს. მისი ბალანსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის ოპერაციების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის მხარდასაჭერად შექმნილი აქტივების შესყიდვის მექანიზმების მეშვეობით, საგრძნობლად გაიზარდა.

ინდოეთის სარეზერვო ბანკი 911.4 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს და მონეტარულ პოლიტიკას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მსხვილი ეკონომიკისთვის მართავს. ინდოეთის სარეზერვო ბანკი მნიშვნელოვან აქტივებს, ძირითადად უცხოური ვალუტის რეზერვების სახით ინარჩუნებს, რათა ქვეყანა საგარეო შოკებისგან დაიცვას და შიდა ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს.

როგორც სამხრეთ ამერიკის უდიდესი ეკონომიკა, ბრაზილია ინფლაციის მართვისა და ფინანსური სისტემის უსაფრთხოების მიზნით თავის ცენტრალურ ბანკს ეყრდნობა, რომელიც 898.2 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს. ბანკის აქტივების მოცულობა, განვითარებადი ბაზრების არასტაბილურობის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკურ მასშტაბებს და რეზერვების შენარჩუნების აუცილებლობას ასახავს.

სინგაპურის მონეტარული სამმართველო, რომელიც ერთდროულად როგორც ცენტრალური ბანკის, ისე ფინანსური მარეგულირებლის ფუნქციებს ასრულებს, 610.0 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს და სინგაპურის გაცვლით კურსზე ორიენტირებულ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. იმის გათვალისწინებით, რომ სინგაპური მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ცენტრია, ეს უწყება საკმაოდ დიდ აქტივებს ინარჩუნებს, განსაკუთერებით ქვეყნის გეოგრაფიულ ფართობთან შედარებით.

ჰონგ-კონგის მონეტარული სამმართველო ქვეყანაში საბანკო სტაბილურობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი და 533.6 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს. იგი მართავს გაცვლით ფონდს, რომელიც ზურგს ჰონგ-კონგის დოლარს უმაგრებს და გაცვლითი კურსის სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, რეგიონისთვის დიდი მოცულობის აქტივების ბაზას განაპირობებს.

ეს ათი ცენტრალური ბანკი გლობალური ფინანსური აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, გლობალურ ინფლაციასა და ზოგად ეკონომიკურ ტენდენციებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები