კომპანია, რომელიც ბავშვთა ქალაქ "მზიურის" რეაბილიტაციას მოახდენს, ივნისის ბოლოს უნდა დასახელდეს. მუნიციპალური განვითარების ფონდს, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ამ დრომდე არ გამოუვლენია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წინადადებები 6 -მა დაინტერესებულმა კომპანიამ წარადგინა. 9 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი, თითქმის 5 თვეა შერჩევა/შეფასების სტადიაშია. როგორც bm.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, "მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს დედაქალაქის მერიასთან და არ არის გამორიცხული, რომ პროექტს გარკვეული სამუშაოები დაემატოს, შეთანხმების შემდეგ კი გამარჯვებულიც დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ "მზიურის“ რეაბილიტაციას ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. ტენდერში კი საკუთარი წინადადებები 6-მა ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიამ წარადგინა. ესენია: სს კობრა ინსტალასიონეს ი სერვისიოს საქართველოს ფილიალი, კომფორტმშენ XXI-ე, AG-Complex Sp. z o. o, კომპანიები "ჯავა" და "მწვანე სახლი" და ამხანაგობა "მზიური".

























