მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ როგორ ებრძვის ჰაერის დაბინძურებას?

5c0e5ab209123
მარიამ ადამია
10.12.18 18:00
1870
ჰაერის დაბინძურების პრობლემა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა.

მეგაპოლისებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად ფიქრობენ და მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ შეამცირონ მავნე ნივთიერებები ჰაერში იმისათვის, რომ მოსახლეობამ თავიდან აირიდოს ის დაავადებები, რომლებსაც გამონაბოლქვი იწვევს და სუფთა ჰაერი ისუნთქონ.

საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მოქალაქეებს უჩენენ სტიმულს, რომ პირადი ავტომობილები სახლში დატოვონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში კი, ეს არა სტიმული, არამედ უკვე წესია. მათ შორის ნორვეგიის დედაქალაქში, სადაც ცენტრამდე პირადი ავტომობილით გადაადილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და მოთხოვნას მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაამკაცრებენ.

ამისათვის კი, ინვესტიციებს დებენ ველობილიკებისა და ფეხით მოსიარულეებითვის განკუთვნილი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

ოსლოს არ ჩამორჩება არც მადრიდი, სადაც 2020 წლისთვის ქალაქის ცენტრში არ დარჩება ადგილი პირადი ავტომობილისთვის, რადგან მასშტაბური ცვლილებების შედეგად, ცენტრალური ქუჩები ისე მოეწყობა, რომ მხოლოდ ფეხით მოსიარულეები შეძლებენ გადაადგილებას.
რაც შეეხება ბრიუსელს, ეს ქალაქი ერთ-ერთი პიონერია, დაბინძურებული ჰაერის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ წლებია, რაც მთავარი ქუჩები ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყო და განიტვირთა მანქანებისგან. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს გაჩერება არ სურთ და ახალი ზონების განვითარებასა და დამატებას გეგმავენ, რომლებიც, რა თქმა უნდა, შედეგად, ქალაქში ავტომობილების შემცირებას განაპირობებს.

თუმცა ქვეყნების უმრავლესობას არ უნდა კერძო მანქანების აკრძალვა სრულად, ამიტომაც დააწესა რეგულაციები უშუალოდ ავტომობილებისთვისაც. მაგალითად, გერმანიის ქალაქ შტუდგარდში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, 2017 წელს მიიღეს გადაწყვეტილება და აკრძალეს დიზელის ტიპის ავტომობილების გადაადგილება, რომლების არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

პარიზში კი, ვერ იმოძრავებს მანქანა, რომელიც 1997 წელზე ძველი გამოშვებისაა. წესის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლები ჯარიმდებიან. ამ გადაწყვეტილების შედეგად კი, ქალაქში დაბინძურების მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა.

თუმცა, თუკი თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ დაბინძურებულ ჰაერზე მხოლოდ ევროპელები ზრუნავენ, ასე არ არის.

მაგალითად, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 1974 წლიდან არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, კვირაში ერთი დღე იზღუდება კერძო ავტომობილით გადაადგილება. გარდა ამისა, ქალაქს, ველოსიპეტებით მოსიარულეებისთვის კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურაც აქვს.

ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს სან-ფრანცისკო და ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ქუჩაზე - მარკეტ-სტრიტზე მოძრაობა მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე არ დაექვემდებარება რეგულაციებს, მთავრობის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ ჯარიმები, რომელთა ღირებულება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და ძირითადად, 100$-დან იწყება. ყველაზე ძვირი კი, ლონდონშია, სადაც დიზელის ტიპის ავტომობილის მძღოლებს დღეში 12 დოლარის გადახდა უწევთ.

დაბინძურებულ ჰაერთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტიანი მეთოდი საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა. ამის საუკეთესო მაგალითი კი, ჩინეთის ქალაქი ჩენდუა, სადაც მოსახლეობას ფეხით 15 წუთში შეუძლია ნებისმიერ ადგილამდე მისვლა.

ცხადია, ქალაქში ტრანსპონტიც მოძრაობს, თუმცა გადაადგილება ისეთი კომფორტული არაა როგორც ფეხით.

პარკების, სკვერების და მწვანე ზონების შექმნით ასტიმულირებს ჰამბურგის მთავრობა მოსახლეობას და გეგმავენ, რომ 2035 წლისთვის ქალაქის 40% მწვანე საფარი დაიფაროს, რაც ერთი მხრივ შეამცირებს ტრანსპორტს ქალაქში, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.
კიდევ ერთი იარაღი დაბინძურებული ჰაერის წინააღმდეგ ველოსიპედია, რომელიც მანქანის ალტერნატივად გამოიყენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პირობებში გაცილებით კომფორტულია გადასაადგილებლად. ამ ხერხს კი, ყველაზე კარგად ამსტერდამი იყენებს, ამიტომაც წლებია რაც ქალაქის სიმბოლოდაც აღიქმება. ამსტერდამის მაგალითს ევროპის დანარჩენი ქვეყნებიც იზიარებენ, მათ შორის სახელდება ოსლო, სადაც ყოველწლიურად დებენ ინვესტიციას და აშენებენ გზებს სპეციალურად ველოსიპეტებისთვის. მსოფლიოში, ქვეყნების უდიდესი ნაწილი კი, სწორედ ამ მეთოდის დანერგვით ცდილობს პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა ქალაქებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები