მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე

დარახველიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციურ ქორწინებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

დარახველიძის განმარტებით, თუკი ფიქციურ ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მხარე საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდება, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს, ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ამასთან, კანონპროექტით სპეციალური საშეღავათო პერიოდიც განისაზღვრება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ცვლილებები დეტალურად განმარტა.

„სისხლის სამართლის კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. ერთი ფიქციურ ქორწინებას ეხება. ერთ საკითხს დავაზუსტებ, რომ თუკი ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში და მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს აღირებს და ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ანალოგიური ჩანაწერი გვაქვს ნარკოტიკებთან, იარაღთან მიმართებაში. ასე რომ, აქაც ჩნდება შანსი, რომ თუკი შეცდომაში შეიყვანეს კონკრეტული პიროვნება და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან,“ - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე განმარტებით, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც პირველივე ჯერზე მუდმივი აღარ იქნება. ცვლილებები კი განპირობებულია იმით, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნები გასამმაგდა.

"2026 წლის პირველ კვარტალში გასამმაგებულია ამ ტიპის ბინადრობაზე მოთხოვნა, რაც აჩენს იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა, ამ ბინადრობის მიღების საფუძველი ფიქციური ქორწინება იყოს. ამიტომ, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს მუდმივი ბინადრობის გაცემის შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შემოთავაზებას, კერძოდ, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ კი მიმართავს უცხოელი ქორწინების შემდგომ ბინადრობის მოთხოვნით და პირველივე ჯერზე უვადოდ აღარ მოხდება ამ ბინადრობის გაცემა. ჯერ გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ორ-ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

კანონი, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს მიიღებს მოიცავს შემდეგ საბაზისო საკითხებს:

  • უცხოელ სტუდენტს ქვეყანაში ყოფნის ვადა შეუწყდება სტატუსის შეჩერებიდან 45 დღის გასვლის შემდეგ, სასწავლო წლის კრედიტების მესამედზე ნაკლების დაგროვების, ან 12 თვის განმავლობაში ქვეყნიდან 183 დღით ან მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში. ამასთან, არასრულწლოვან სტუდენტებზე სასწავლო ბინადრობის ნაცვლად ახალი D6 ვიზა გაიცემა, ხოლო უნებართვო მუშაობა გაძევების საფუძველი გახდება. შსს-ს განმარტებით, აღნიშნული პრაქტიკა ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება.
  • საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლეზე ბინადრობის ნებართვა თავდაპირველად მხოლოდ 1 წლით გაიცემა და მისი მაქსიმალური ვადა 5 წლამდე იქნება. მუდმივ ბინადრობას უცხოელი მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ მიიღებს. იქმნება შსს-ს, სუს-ისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი კომისია, რომელიც გასაუბრებებით, საცხოვრებლის დათვალიერებითა და გამოკითხვით შეამოწმებს ქორწინების ნამდვილობას. თანამშრომლობაზე უარი წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდება.
  • სხვადასხვა სერვისის მისაღებად (სამედიცინოს გარდა) უცხოელებს დასჭირდებათ კანონიერად ყოფნის ცნობა, რომლის ღირებულებაც 50 ლარი იქნება. გარდა ამისა, სააგენტოს გადაწყვეტილებები მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება 10 დღის ვადაში და მისი ვერდიქტი საბოლოო იქნება. სარჩელის შეტანა უცხოელის გაძევების პროცედურას ვერ შეაჩერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები