დღეს, 30 მარტს, სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად 1 აპრილიდან ელექტროენერგია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის გაძვირდება. ტარიფის ზრდა კილოვატზე 5 თეთრს შეადგენს. ყველაზე მეტად, 33%-ით ტარიფი 100 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის მოიმატებს. შესაბამისად, ისინი ვინც აქამდე დენის ტარიფს თვეში 15 ლარს იხდიდა, ახლა 20 ლარის გადახდა მოუწევს. ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
თბილისში განახლებული დენის ტარიფი:
- 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით 20.041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%;
- 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) ასევე 5 თეთრით 24.953 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 26%;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით 28.537 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 21%;
რეგიონებში დენის ტარიფები:
- 0–101 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები (და საერთო მრიცხველის მქონე): ტარიფი იზრდება 14.731-დან 19.731 თეთრამდე (ზრდა 5 თეთრი), რაც 33.9%-იან მატებას ნიშნავს.
- 101–301 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 18.707-დან 23.707 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც 26.7%-იანი მატებაა.
- 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 23.227-დან 28.227 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც შეადგენს 21.5%-იან მატებას.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა და მათ შორის დაასახელა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა და იმპორტი, რომელიც ქვეყანას შემოდგომასა და ზამთარში სჭირდება.
"მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დაადგინა როგორც დედაქალაქისთვის, ისე რეგიონებისთვის. მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის, ძაბვის საფეხურების მიხედვით - 4-დან 6 თეთრამდე.
ტარიფის ზრდის ძირითადი მიზეზებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ინვესტიციების მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა, რათა ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, ხოლო მეორე მხრივ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.




























