“სან ანტონიო სპურსის” ცენტრ ვიქტორ ვემბანიამას ბარათმა, რომელიც წლის საუკეთესო ახალბედა კალათბურთელად დაასახელეს, გაყიდვების მაჩვენებლით რეკორდი მოხსნა.
კომპანია Topps Now-ს განცხადებით, რომელიც სპორტსმენების ბარათებს აწარმოებს, 72 საათში ვემბანიამას 113 777 ბარათი გაიყიდა, რითაც ბეისბოლის ვარკსვლავის შოჰეი ოტანის რეკორდი მოხსნა, რომელსაც ანალოგიურ დროში 107 541 ბარათი ჰქონდა გაყიდული.
ვემბანიამამ გასული სეზონი საუცხოოდ ჩაატარა, ვინაიდან 2015/16 წლების შემდეგ გახდა პირველი ახალბედა, რომელიც კომისიის წევრებმა ერთხმად აღიარეს საუკეთესოდ. ჩატარებულ 71 თამაშში მან საშუალოდ 21,4 ქულა, 10,6 მოხსნა, 3,9 ასისტი და 3,6 დაფარება დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით წლის საუკეთესო დაცვითი მოთამაშის რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
Topps Now ბარათებს 2016 წლიდან უშვებს და ისინი ხელმისაწვდომი მხოლოდ მცირე დროითაა. კომპანია ბარათებს მხოლოდ მნიშვნელოვან მომენტებში აწარმოებს, როგორიც მაგალითად ვემბანიამას წლის საუკეთესო ახალბედა მოთამაშის ჯილდოს მიღებაა.
ცნობისთვის, ონლაინ მარკეტ Ebay-ზე ვემბანიამას ყველაზე ძვირად ღირებული ბარათი 1,1 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ისეთი ბარათი, რომელსაც ავთენტიკურობის გარანტიაც მოჰყვება დამატებით 200 ათას დოლარადაა შეფასებული.