პირველად საქართველოში, მოქანდაკის მიერ ერთად შეგროვებული 60 სახედარი და ბიზნესი, რომელიც ახლა იკიდებს ფეხს, - უჩვეულო ბიზნესი, არც მეტი არც ნაკლები, ვირების ფერმაა. ამ არატრადიციული მეურნეობის შესახებ businesscontract.ge მის დამფუძნებელს, თემურ ლომიძეს ესაუბრა. თემურ ლომიძე პროფესიონალი მოქანდაკე და მხატვარია. აქვს საკუთარი ქანდაკებების ჩამომსხმელი ცეხი. 2003 წლამდე ცხოვრობდა საზღვარგარეთ და როგორც თვითონ აღნიშნავს, საკუთარი პროფესია ფერმერობაში არ უშლის ხელს.
- საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა და როდის დაიწყეთ საქმიანობა?
ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მომაწოდა ვირების ფერმის იდეა, გულახდილად რომ გითხრათ, თავიდან გამეცინა, შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი, იქნებ ღირდეს საქართველოშიც მსგავსი ფერმის გაკეთება , მოვიძიე ინფორმაცია... რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და მსგავსი ფერმები ნანახი მქონდა, თუმცა ამაზე აქამდე, როგორც უკვე გითხარით სერიოზულად არც მიფიქრია. ფერმა არენდით გვაქვს აღებული და პარალელურად თბილისთან ახლოს, სოფელ სააკაძიდან 2 კილომეტრის დაშორებით საკუთარ ფერმასაც ვაშენებთ.
- როდის დასრულდება ფერმის მშენებლობა და რამდენი სული სახედარი გყავთ ამჟამად?
ფერმის საძირკველი უკვე ჩაყრილი გვაქვს, მაქსიმუმ ერთ თვეში მშენებლობასაც დავასრულებთ დაუკვე არსებულ ცხოველებს გადავიყვანთ. ჯერჯერობით 60 სული პირუტყვი გვყავს, აქედან 4 ულაყი და დანარჩენი მდედრი.
- რა ინვესტიციის ჩადება მოგიხდათ ამ ბიზნესის დასაწყებად?
ყველაზე ძალიან გამიჭირდა ვირების მოძიება. სოფელ-სოფელ დავდიოდით და სათითაოდ ვარჩევდით. რადგან ვირი 25 წლამდე ცოცხლობს და თუ ახალგაზრდა არაა და თუ არ გამოგადგა ძალიან ძნელია. განსხვავებაა ჯიშებშიც... რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, დღემდე დახარჯულია 30 ათასი ლარი და კიდევ ერთი ამდენია საჭირო, რომ მთლიანად გავმართო ეს ფერმა, შევკრა ჯოგად და წველადობაც გაიზარდოს. დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მოდის, აღნიშნული თანხა მიზნობრივად დაიხარჯება. გაზაფხულიდან ველოდებით ნამატსაც, 40 ჩოჩორი გვყავს მოსაგები.
- რა ღირს ვირის რძე საქართველოში და ევროპაში?
საქართველოს პირობებში 1 ლიტრი ვირის რძის ფასი 60-დან 70 ლარამდე მერყეობს. ევროპაში კი ერთი ლიტრი 40 ევრო ღირს. ვირის რძის შეგროვება ძალიან რთულია, დღეში მაქსიმუმ 25 ლიტრს მივიღებთ ზაფხულიდან და ეს ძალიან ცოტაა, იმისთვის რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანაზე ვიფიქროთ, ხელშეკრულება დავდოთ იმ კომპანიებთან, რომლებიც ვირის რძეს იყენებენ საკუთარი პროდუქციის დასამზადებლად. ევროპაში გატანის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ თუ არ შეიქმნა ფერმერული კოოპერატივები, მარტო საკუთარი ძალებით ძალიან გამიჭირდება. საჭიროა უფრო მეტი, არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ რაც შემიძლია ჩემი ძალებით უფრო მეტს და მეტს მოვაგროვებ და ადრე თუ გვიან ჩემს პროდუქციას ექსპორტზე გავიტან, ეს შორეული გეგმებია, ახლა კი მთავარია ჩვენი მომხმარებლები დავაკმაყოფილოთ. პირველ რიგში კი საჭიროა მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, თუ არ გაიაზარდა ცნობიერება, ვერ გაიგებენ პროდუქციის აუცილებლობას და შესაბამისად ბიზნესიც განწირულია წარუმატებლობისათვის.
- ვირის რძის განსაკუთრებულ თვისებებზეც რომ მოგვიყვეთ...
ვირის რძეს აქვს განსაკუთრებული სამკურნალო და სასარგებლო თვისებები. მასში რძის ცხიმიანობა დაბალია და შეადგენს 0.6%-ს, მაშინ როცა ძროხის რძეს აქვს 6-7%. ვირის რძე ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან და მოდუღების გარეშე შიძლება ბავშვისთვის მიცემა. ასევე ვირის რძისგან ამზადებენ წამლებს და კოსმეტიკას საზღვარგარეთ. მას უკურეაქცია არ აქვს, მდიდარია ვიტამინებით და მასში 300 სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერება შედის. ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ბავშვის საკვები სწორედ ვირის რძეზეა დამზადებული.ზოგადად მისგან დამზადებული ნაწარმი საკმაოდ ძვირად ფასობს. ვირის რძე წარმატებით ებრძვის ბრონხიალური ასთმას, ხველას, ყივანახველას, ალერგიებს, დიაბეტს, კანის დაავადებებს, კიბოს, ტუბერკულიოზს, წითელას და ციებ-ცხელებას.
ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6, დატვირთულია იგი ლაქტოზით და შეიცავს მინიმალურ ცხიმებს. ვირის რძე ძალიან ადვილად იყინება.
- გაქვთ თუ არა უკვე მოფიქრებული სახელწოდება თქვენი პროდუქციისთვის?
სახელი უკვე შერჩეული მაქვს. „სახე-დარი“ - ასე ერქმევა ჩემს მიერ წარმოებულ პროდუქციას. ეს ბიზნესი საკუთარი სახსრებით დავიწყე, ამიტომაც ჯერჯერობით საკუთარი შეფუთვა და ეტიკეტი არ გვაქვს, თუმცა ყველაფერი დროის ამბავია, არ ვჩქარობ, ჯერ ფერმა უნდა ჩამოვაყალიბო. თავიდან მხოლოდ რძის წარმოებას ვაპირებთ და შემდგომ უკვე ვირის რძის ყველსაც გამოვიტანთ ბაზარზე, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს ევროპაში, - 1 კგ-1200 ევრო. ცნობისთვის 1 კგ ყველის დასამზადებლად 25 ლიტრი რძეა საჭირო.
- ამჟამად რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული თქვენს ფერმაში?
ამჟამად 4 ადამიანი მყავს დასაქმებული და გაფართოებასთან ერთად თანამშრომლების დამატებაც იგეგმება.
- ქართულ ბაზარზე თუ გყავთ კონკურენტები და „სახე-დარის“ პროდუქციის რეალიზაციას უკვე თუ ახდენთ?
არა სამწუხაროდ კონკურენტები არ გვყავს, რაც ასე აუცილებელია ამ ბიზნესის განვითარებისთვის. ჯერ ჩვენი ფერმაც ჩამოყალიბების პროცესშია და წარმადობაც არაა დიდი, თუმცა ნელ-ნელა ამაზეც ვიზრუნებთ.
- როდისთვის უნდა ელოდოს მომხმარებელი „სახე-დარის“ პროდუქციას?
„სახე-დარის“ რძე ზაფხულში, ივლისის დასაწყისში გამოჩნდება. ვაპირებთ ვირების დამატებასაც და შესაბამისად ყველის წარმოებაზეც ეტაპობრივად ვიფიქრებთ. 150 სული პირუტყვი მაინც უნდა იყოს ფერმაში, რომ პროდუქცია გამოჩნდეს ბაზარზე. ასევე ვგეგმავ სხვადასხვა ქვეყნების მონახულებას და მათი გამოცდილების გაზიარებას.

























