ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრანსონის Virgin Group-ი £700 მილიონ გირვანქა სტერლინგს, ანუ $900 მილიონ დოლარს მოიზიდავს, რათა ლა-მანშის სრუტეზე სარკინიგზო ხაზი განავითაროს, რომელიც კონკურენციას Eurostar-ს გაუწევს.
როგორც კომპანიამ Financial Times-თან განაცხადა, რომ Virgin-ი £300 მილიონის კაპიტალს მოიზიდავს, £400 მილიონს კი სესხის სახით აიღებს.
კომპანიის გეგმაშია, აამოქმედოს მაღალი სიხშირის სერვისი, რომელიც ისტორიაში პირველი კონკურენტი იქნება Eurostar-ის 30-წლიანი ქსელისა. რკინიგზა ოპერირებას, სავარაუდოდ, 2029 წლიდან დაიწყებს.
Virgin Group-ი სარკინიგზო მომსახურებას დიდი ბრიტანეთის ქალაქებს უწევდა, ახლა კი გეგმავს, რკინიგზის ხაზით ლონდონი პარიზსა და ბრიუსელთან დააკავშიროს, სამომავლოდ კი ამსტერდამამდე გაავრცელოს. ამასთან, Virgin ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც სრუტეზე რკინიგზის განვითარებას გეგმავს, რადგან საქალაქთაშორისო ჩქაროსნულ მატარებელზე კონტინენტის მასშტაბით მოთხოვნა მზარდია.
ამასთან, ლა-მანშის გვირაბის ოპერატორი კომპანია Getlink-ი რეგულაციებს ამარტივებს და ცდილობს, წაახალისოს კომპანიები, რომლებიც სრუტეზე სარკინიგზო მარშრუტის შესრულებას მოინდომებენ. ამისთვის კომპანიამ €50 მილიონი ევროს სუბსიდია გამოყო.
პრობლემა, რომელიც სხვა კომპანიებს ლა-მანშის მარშრუტის ათვისებაში უშლით ხელს, ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი დეპოა, რომელიც მომსახურებას Eurostar-ის მატარებლებს უწევს და, როგორც ჩანს, სრულადაა დატვირთული. აღნიშნული სადგური ერთადერთია, რომელსაც ლა-მანშის ჩქაროსნული მატარებლების განთავსება შეუძლია და, სარკინიგზო რეგულაციების თანახმად, თუ საპარკინგე ადგილები თავისუფალია, მატარებლის განთავსება დეპოში ყველა კომპანიას შეუძლია. Eurostar-ი აცხადებს, რომ კომპანია 50 ახალი მატარებლის დამატებას და მგზავრთა გამტარიანობის ზრდას გეგმავს, ამიტომ დეპო სრული დატვირთვით მუშაობს. აღნიშნული Virgin Group-მა უკვე გაასაჩივრა.
Eurostar-ი FT-სთან აცხადებს, რომ ევროპაში სარკინიგზო სერვისების განვითარებას მიესალმება, რადგან გაზრდილი კონკურენცია ადასტურებს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტზე მოთხოვნა კონტინენტზე იზრდება.