მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირის რძეზე მოთხოვნა გაიზარდა, ექიმები პირდაპირ უნიშნავენ პაციენტებს - „სახედარი“

618505d4e3760
ვიქტორია მღებრიშვილი
07.11.21 22:15
13041
ბოლო პერიოდში საქართველოში ვირის რძეზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა, - საკითხზე ვირების ფერმა „სახედარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, რეალიზაციის გაზრდილი მაჩვენებლების პარალელურად, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც შეიცვალა და „სახედარი“ დღეს არსებული ხარჯის გასტუმრებას არსებული შემოსავლებით ახერხებს.

რაც შეეხება წარმოებას, როგორც თემურ ლომიძემ განმარტა, ფერმაში საშუალოდ, თვში 130 ლიტრი რძე იწარმოება.

“გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 1 ლიტრი რძის ფასი არ გაგვიზრდია, რადგან არ გვინდა ადგილობრივებისთვის ეს მიუწვდომელი პროდუქტი იყოს. მოთხოვნისა და რეალიზაციის ზრდის შესაბამისად, კომპანია დღეს არსებული შემოსავლით ხარჯების დაფარვას ახერხებს. ჯერ მოგებაზე არ გავსულვართ, თუმცა ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესდა“, - აცხადებს თემურ ლომიძე და დასძენს, რომ საქართველოში ვირის რძის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირის რძის პროდუქტის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც. ძალიან ბევრი ექიმი პაციენტებს ვირის რძეს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში პირდაპირ უნიშნავს“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ვირების ფერმა „სახედარი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები