მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირის რძისგან დამზადებული ქართული კოსმეტიკა „ვირუკელა“ აშშ-ში იყიდება

5fbbd5c8b1e9c
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 00:00
10508
2019 წელს თემურ ლომიძემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა „ვირუკელას“ ბრენდის ქვეშ აშშ-ში 10 000 დოლარის ღირებულების ვირის რძით დამზადებული კოსმეტიკური პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს.

თემურ ლომიძე უკვე 4 წელია რაც ვირების ფერმას „სახედარს“ მართავს და მათგან მიღებულ რძეს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 1 ლიტრი ვირის რძის ღირებულება საქართველოში 60 ლარია. თემურ ლომიძემ ფერმის ამოქმედებიდან მალევე ვირის რძისგან კომეტიკური საშუალებების წარმოება დაიწყო და პირველი ექსპორტი აშშ-ში 2019 წლის დასაწყისში განახორციელა.

როგორც ლომიძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული საპნის, სახის საცხისა და ტუჩსაცხის ექსპორტირებისთვის ამერიკაში მცხოვრებმა პარტნიორმა კომპანია „ვირუკელა“ დაარეგისტრირა და ქართული ნაწარმის რეალიზაციაც ამ სახელის ქვეშ დაიწყო.



„პირველად აშშ-ში 200 ცალი საპონი გავიტანეთ და ადგილობრივების მხრიდან ინტერესის ზრდის შემდეგ სახის საცხები და ტუჩსაცხებიც დავამატეთ. გასულ წელს ჯამში აშშ-ში 10 000 დოლარის ღირებულების პროდუქტის რეალიზაცია მოხდა, რაც დასწყისისთვის კარგი მაჩვენებელია.

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ძალიან მცირედ იყიდება და ძირითადად ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. საქართველოში ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული საპონი, რომელშიც ვირის რძის შემცველობა 30%-ია, 20 ლარი, ხოლო აშშ-ში 30 დოლარი ღირს“, - ამბობს თემურ ლომიძე.

მისი თქმით, დღეისთვის ვირის რძისგან კოსმეტიკური ხაზის პროდუქტები ხელით იწარმოება და დღეში 100 ცალი საპნის წარმოება შეუძლიათ, თუმცა მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში წარმადობის გაზრდა 300 ცალამდეც შეიძლება.

თემურ ლომიძე ამბობს, რომ ინტერესი მათი პროდუქტის მიმართ საფრანგეთიდან და შვეიცარიიდანაც იყო, თუმცა პანდემიამ ეს საექსპორტო მიმართულებები და წარმოების გეგმები მნიშვნელოვნად შეაფერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები