სახედრების ფერმა "ვირლანდიამ" ვირის რძისგან დამზადებული ხელნაკეთი საპნების წარმოება აღადგინა - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, თორნიკე ტეფნაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, "ვირლანდია" კოსმეტიკურ ბაზარს განსხვავებულ, პრემიუმ კლასის პროდუქციას სთავაზობს, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
"ქართულ ბაზარზე ბუნებრივი ინგრედიენტებით ხელნაკეთ საპნებს, მეტ-ნაკლებად, უკვე ამზადებენ, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ჩვენი საპნები ვირის რძის ბაზაზეა დამზადებული, რაც მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება პრემიუმ კლასის კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად, იქნება ეს საპონი, ლოსიონი, შხაპის გელი თუ ა.შ.
პროდუქტი შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებს, პროტეინებს, მიკროელემენტებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება საპნის დასამზადებლად. ახასიათებს ანტიალერგიული, ანტიმიკრობული ეფექტი და გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, ისევე როგორც კოსმეტიკური მიმართულებით", - განმარტავს თორნიკე ტეფნაძე.
დამფუძნებლის განმარტებით, "ვირლანდია" 9 სახეობის საპონს ამზადებს, რომელთა წარმოებაშიც სხვადასხვა ბუნებრივი დანამატი: ქოქოსის, კაკაოს, ზეითუნის ზეთები, ეთერზეთები და მცენარეები - გამოიყენება.
კოსმეტიკური საპონი "ვირლანდიას" Facebook გვერდზე იყიდება და ერთი ცალის ფასი 20 ლარია. როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუმარტეს, მოთხოვნა პროდუქტზე ძალიან მაღალია.
"ვირის რძის თვისებებზე საზოგადოებაში ცნობიერება უკვე გაზრდილია, რაც ჩვენი "ფეისბუქ" გვერდიდანაც ჩანს, მისი სამკურნალო დანიშნულების შესახებ შეიტყო ხალხო. მომხმარებელმა უკვე იცის, რომ რძე აქტიურად გამოიყენება კოსმეტიკაშიც და, შესაბამისად, ვიდრე წარმოებას დავიწყებდით, მოთხოვნა უკვე არსებობდა. გაყიდვებიც საკმაოდ მაღალია. საერთოდ, საქართველოში ბუნებრივ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია..." - ამბობს "ვირლანდიას" დამფუძნებელი.
საქართველოში სახედრების პირველი ფერმა "ვირლანდია" სოფელ გამარჯვებაში 2016 წელს დაარსდა. ფერმას დღეს 80-მდე ვირი ჰყავს, რძის დღიური წარმადობა კი, სეზონზე, 20 ლიტრია. დამფუძნებელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ერთი ლიტრი რძის ფასი დაფუძნების დღიდან დღემდე უცვლელია და 60 ლარს შეადგენს.