წინასაარჩევნოდ მთავრობა, მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი სახლი უკანონოდ აქვთ აშენებული, აპატიებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. ამნისტია მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ გადაწყვეტილებით, მომავალში უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა აღმოიფხვრება.