მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ ორი 28-სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსის აშენებას აპირებს. მშენებლობის დასაწყებად, კი ბათუმის მუნიციაპალიტეტის საკრებულომ სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუცვალა.
,,ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ უცნობ ბიზნესმენს ეკუთვნის, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთი კი ,,ქართუ“ ბანკში იპოთეკითაა დატვირთული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია ,,ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი, 43 წლის დაჩი ჩაგანავაა. კომპანია 2017 წლის 21 აგვისტოსაა დაფუძნებული, ერთი თვით ადრე, სანამ პრემიერ კვირიკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთს მიიღებდა. განკარგულებით, კომპანიას მიწაში 931 000 ლარი უნდა გადაეხადა და 4 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულება აეღო. დღეს 20 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია, რეესტრის მონაცემებით ბანკ ,,ქართუში“ იპოთეკითაა დატვირთული.
ვინ არის დაჩი ჩაგანავა?
,,ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მფლობელი 1975 წლის იანვარში დაიბადა. საცხოვრებელ მისამართად კი ბათუმი, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა აქვს მითითებული. რეესტრის მონაცემების მიხედვით, დაჩი ჩაგანავას სახელზე, საქართველოში კიდევ ერთ კომპანია შპს ,,თბილისი-პარიზი-თბილისი“ ფიქსირდება, რომელსაც გამომცემელ ქეთევან ლაზარაშვილთან ერთად 50-50%-იანი წილით ფლობს. აღნიშნული კომპანია 2013 წლის მარტშია რეგისტრირებული. Bm.ge ქეთევან ლაზარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ, თბილისის მერიის დაფინანსებით, 2013 წლის მაისში ერთადერთი პროექტი- საფრანგეთში ქართველი მხატვრების გამოფენა მოაწყო და მას შემდეგ აღარც უმუშავია. ლაზაშვილის ინფორმაციით, დაჩი ჩაგანავა მან საფრანგეთში 2012 წელს, წიგნის ფესტივალზე გაიცნო, როგორც საფრანგეთში მცხოვრები ქართველი და ღონისძიების რიგითი სტუმარი. ერთობლივი პროექტის შემდეგ კი კავშირი აღარ ჰქონია. ,,ჩემი შთაბეჭდილებით, მას ამხელა პროექტისთვის საკმარისი ფული არ უნდა ჰქონდეს. როგორც მე ვიცი ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდა, მეტიც ღონისძიების შემდეგ თქვა, რომ იმდენად პატარა სახლში ვცხოვრობ, იქ ვერ გეპატიჟებითო. ძალიან უცნაურია, 2-3 წელიწადში ამხელა ფულის შოვნა, ძალიან ძნელი დასაჯერებელია“-აღნიშნა ქეთევან ლაზარაშვილმა.
დაჩი ჩაგანავა, საფრანგეთში, მეუღლესთან ერთად ქართული კულტურის ცენტრ ,,ლაზსაც“ ხელმძღვანელობს.

























