კომპანია "ბეტა ჯგუფი", რომელსაც უზნაძის 14 ნომერში მდებარე, არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობა ეკუთვნის 2016 წლის ოქტომბერშია დაფუძნებული. კომპანიას, თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე, გიორგი ქარაზანიშვილი, ბეჟან სამხარაძე და ედიშერ მამალაძე. ცნობისათვის, ედიშერ მამალაძე, კომპანია "საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. მათ, კომპანიის 25-25%-იანი წილები ეკუთვნოდათ, დირექტორად კი რეესტრის მონაცემებში გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა. მოგვიანებით "ბეტა ჯგუფს" კიდევ ორი მფლობელი დაემატა. რეესტრის ბოლო მონაცემებით, ძველი მფლობელების წილების შემცირების ხარჯზე, მფლობელებს ნანა აროშიძე (25%-იანი წილი) და იბრაიმ შალიკაძე (15%) დაემატნენ, დანარჩენი პარტნიორების წილები კი 15-15%-მდე შემცირდა. ამჟამად "ბეტა ჯგუფის" დირექტორი გიორგი ჯოხაძეა.
არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის შესაძლო დანგრევის შესახებ ინფორმაციამ, სოციალურ ქსელებში მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები, ქალაქის ძველ უბანში, მათი აზრით, გარემოსთან შეუსაბამო შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ. როგორც ცნობილია, შენობის დემონტაჟის უფლება მერიამ მფლობელებს უკვე მისცა, თუმცა ბანერზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა გამოკრული აღნიშნულია, რომ ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა მერიის არქიტექტურის სამსახურში ამჟამად მიმდინარეობს. ბანერზე, ასევე მითითებულია, რომ შენობა, სავარაუდოდ 8 სართულიანი იქნება, მაშინ, როცა ახლანდელი ნაგებობა, მხოლოდ 3 სართულიანია. ახალი შენობის სავარაუდო ფოტო-რენდერებზე, სასტუმრო, გვერდით მდებარე შენობის სიმაღლისაა, მაშინ როცა მისი სიმაღლე 4 სართულს არ აჭარბებს.
კომპანია "ბეტა ჯგუფისთვის" საქმიანობასთან დაკავშირებით, ინტერნეტ-სივრცეში მწირი ინფორმაციაა და მათ სახელთან, მხოლოდ ერთი პროექტია დაკავშირებული. კერძოდ, 2017 წელს კომპანიამ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 5,8 მილიონ ლარად შეიძინა აუქციონზე, რომელიც "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ჩაატარა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, უძრავ ქონებაზე განახორციელოს სულ მცირე 600 000 ლარის ინვესტიცია და ადგილზე სასტუმრო ააშენოს. კომპანიამ მერიას უკვე მიმართა განცხადებით, რომ ადგილზე Ibis-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნას.