მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელსაც რუსეთმა ღვინის იმპორტის შეზღუდვა დაუწესა?

ღვინო

რუსეთის ფედერაციამ ქართული ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე შეზღუდვები კიდევ სამ კომპანიას დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსეთმა ბაზარზე პროდუქციის შეტანა კომპანიებს: GWS-ს, „შატო მუხრანს“ და „ვინივერიას“ შეუზღუდა.

bm.ge რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ინფორმაციას - ვის ეკუთვნის სამი კომპანია:

შატო მუხრანი სააქციო საზოგადოებაა, რომლის დირექტორებიც არიან: ედა-მარგარეტ ჰილდა პოლსენი შვეიცარიის მოქალაქე, პატრიკ ჰონეფ გერმანიის მოქალაქე და ჟან-ფრედერიკ პოლსენ (უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი) საქართველო-შვედეთის ორმაგი მოქალაქე. კომპანია საქართველოში 2002 წელს დარეგისტრირდა.

შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS) საქართველოში 1995 წელს დარეგისტრირდა, რომელსაც სააქციო საზოგადოება მარუსია ბევერიჯის ჯორჯია ფლობს, რომელიც დირექტორებიც ასევე არიან: ედა-მარგარეტ ჰილდა პოლსენი, პატრიკ ჰონეფ და ჟან-ფრედერიკ პოლსენი. პირველ მიმართვაში ფიფიამ ეს კომპანიაც რუსეთის ბაზარზე აკრძალულებს შორის დაასახელა, თუმცა შემდეგ, ჩამონათვალში მხოლოდ 2 კომპანიის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

შპს ვინივერია 2005 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 71%-ს ზვიადი გურაშვილი ფლობს, 29%-ს კი ასევე მის მფლობელობაში არსებული შპს გურა.

განახლება: ფიფიამ დღის ბოლოს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც პირვანდელისგან განსხვავებით ამბობს, რომ სანქციები 2 კომპანიას, ვინივერიას და შატო მუხრანს დაუწესდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ GWS-Wine-Company-ის ისევე როგორც შატო მუხრანს ერთი მფლობელი კომპანია ჰყავთ, მარუსია ბევერიჯის ჯორჯია.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ფიფიას მტკიცებით, რუსეთის მიერ ქართული კომპანიებისთვის ალკოჰოლური სასმლის იმპორტის შეზღუდვის მიზეზი მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა და დაფინანსება გახდა: კერძოდ, GWS-ის მფლობელი „მარუსია ბევერიჯის ჯორჯიასა“ და „შატო მუხრანის“ ხელმძღვანელებს („პატრიკ ხოდენსა“ და ელენა ნადიბაძეს) ფონდ „უკრაინის რეკონსტრუქციასთან“ კავშირსა და უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებაში ადანაშაულებს, ხოლო „ვინივერიას“ შემთხვევაში მიზეზად დასახელებულია უკრაინაში ჩატარებული აუქციონი, საიდანაც შემოსული თანხები პირდაპირ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხმარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.

რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ქსელებში შეზღუდული პროდუქციის თაროებიდან მოხსნაც დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები