მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც სვანეთიდან 102 მილიონი ლარის ხე-ტყე ყალბი დღგ-ის დოკუმენტებით გაიტანა

სვანეთი ტყე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავა. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.

აღნიშნული კომპანიები 2021-2024 წლებში დაკავებული იყვნენ სვანეთიდან ხე-ტყის ყალბი დოკუმენტაციით რეალიზაციით და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად რეგიონიდან გატანილია 102 მილიონი ლარის 130,000 კუბური მეტრის ხის მასალა, რაზეც ყალბი დღგ-ის აქტივი ფორმდებოდა.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიები - "რანდა 2023", "რამინა 22", "ნამორა 2021", "ნამორა" და "კუბიკი" ფიზიკურ პირ ლავრენტი ჯინჯოლავას ეკუთვნის, რომელიც ამავე კომპანიებში დირექტორის თანამდებობას იკავებს. ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ დასახელებული "ზაზა 2022"-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ზაზა მატიაშვილი, "ევი 2022"-ის მფლობელი კი ფიზიკური პირი ფრიდონ ნანეიშვილია, ხოლო "ოლიმპუს 1988"-ის დამფუძნებელი და დირექტორი კი ფიზიკური პირი ვლადიმერ ლიპინსკია.

"ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით - 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა", - იტყობინება საგამოძიებო სამსახური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები