მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები

წამალი წამლები აფთიაქი მედიკამენტები ჯანდაცვა

საქართველოს მასშტაბით 1,200-ზე მეტი აფთიაქია, ხოლო სააფთიაქო ქსელების ჯამური შემოსავლები ყოველწლიურად 2,6 მილიარდ ლარს აღემატება. წარმოგიდგენთ ქვეყანაში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების შესახებ ინფორმაციას.

"ჯიპისი" და "ფარმადეპო" - სს "გეფა"

სააქციო საზოგადოება "გეფა" საქართველოს ყველაზე მსხვილი სააფთიაქო ჰოლდინგია. კომპანია ფლობს "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელებს და ის ქვეყნის მასშტაბით 400-მდე აფთიაქით არის წარმოდგენილი. კომპანია 4,400-მდე ადამიანს ასაქმებს.

სს "გეფას" მფლობელია "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", რომელსაც თავის მხრივ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული "საქართველოს კაპიტალი" ფლობს.

2023 წელს მისი მთლიანი შემოსავალი 824 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 60 მილიონი ლარი იყო. უფრო კონკრეტულად საცალო გაყიდვები 654 მილიონ ლარს, საბითუმო გაყიდვები კი 170 მილიონ ლარს შეადგენდა.

ჯგუფის აქტივები 600 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 400 მილიონი ლარია.

PSP ფარმა

PSP ჰოლდინგი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჯანდაცვის ჯგუფია, რომელიც 6,000-მდე ადამიანს ასაქმებს. პსპ საქართველოს მასშტაბით 310-ზე მეტი აფთიაქტით არის წარმოდგენილი. სააფთიაქო ქსელის გარდა "პსპ ფარმა" ასევე ფლობს მულტიპროფილურ კლინიკა ნიუ ჰოსპიტალს.

პსპ ფარმა არსებული მდგომარეობით ახორციელებს 20,000-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის, სამკურნალო კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჯგუფის დამფუძნებელი და 95%-ის მფლობელია ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი, 5%-ს კი თენგიზ ჯამელაშვილი ფლობს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, PSP ფარმას აქტივები 627 მილიონ ლარს აჭარბებს, 2023 წლის განმავლობაში ჯგუფის შემოსავალი 775 მილიონი ლარი, მიღებული მოგება კი 36 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, PSP ფარმას შემოსავალი უშუალოდ ფარმაცევტული პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 549 მილიონი ლარი, საბითუმო რეალიზაციიდან კი 144 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, კომპანიის სააფთიაქო სეგმენტის შემოსავალი საერთო ჯამში 693 მილიონი ლარია.

ავერსი ფარმა

"ავერსი ფარმა" საქართველოს მასშტაბით 330-ზე მეტი აფთიაქით არის წარმოდგენილი. აფთიაქების გარდა კომპანია ქვეყანაში კერძო ჰოსპიტალების ერთი ერთი უმსხვილესი ქსელის მფლობელიცაა. მის შემადგენლობაში შედის "ავერსის კლინიკა", "ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი", "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა", ჰოსპიტალური ქსელი "მედალფა" და სხვა კლინიკები.

ავერსი ფარმა 1999 წელს, ბიზნესმენმა პაატა კურტანიძემ დააფუძნა. ის ჯგუფის 67%-ის მფლობელია, ნიკოლოზ კურტანიძეს კი 33%-ის წილი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის აქტივები 709 მილიონ ლარს აღწევს, ვალდებულებები კი 255 მილიონი ლარია.

2023 წელს ჯგუფის შემოსავალი 825 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც სააფთიაქო ქსელის საცალო შემოსავალი 538 მილიონ ლარს, საბითუმო შემოსავალი კი 110 მილიონ ლარს შეადგენდა.

ავერსი ფარმას 2023 წელს 53 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

"იმპექსი"

იმპექსფარმი ბაზარზე 1999 წლიდან საქმიანობს, კომპანია საქართველოს მასშტაბით 110-ზე მეტი აფთიაქით არის წარმოდგენილი. კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი დავით კოხრეიძე, რომელიც მის 100%-ის წილს ფლობს.

იმპექსფარმი ქვეყნის მასშტაბით 1,300-მდე ადამიანს ასაქმებს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მისი შემოსავალი 98 მილიონ ლარს, ზარალი კი 1.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიის აქტივები 89 მილიონი ლარია.

"ფარმსახლი"

ფარმსახლი, ანუ კომპანია "ფარმაცევტული სახლი+" ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ქვეყნის მასშტაბით 60-მდე აფთიაქით არის წარმოდგენილი.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 62 მილიონი ლარი, ზარალი კი 11 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის 90%-ის მფლობელია ბიზნესმენი იონა ქობულია, 10%-ის კი ნიკოლოზ შარიქაძე.

2023 წლიდან კომპანია ფარმსახლი "დოიჩე აფთიაქთან" გაერთიანდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები