დღეს, თბილისში სასროლეთ "ბეთლგრაუნდში" მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაშავდა 4 ადამიანი. ამ დრომდე, აფეთქების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.
შპს GLOBAL DEFENSE GROUP-ი, რომლის სავაჭრო ნიშანიც "ბეთლგრაუნდია" 2013 წელს დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას 1 მფლობელი ჰყავს. წილის 100%-ს იაკობ ბერიძე ფლობს. მესაკუთრე თავადაა კომპანიის დირექტორიც.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლითა და აქსესუარებით, იარაღითა და თავდაცვითი დანიშნულების სხვა აქსესუარებითა თუ მოწყობილობებით ვაჭრობა.
შპს Global Defense Group-ის მფლობელობაშია ტაქტიკური მულტიფუნქციური ცენტრი - ბეთლგრაუნდი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების 25 მეტრიან სასროლეთს, ტაქტიკური ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიასა და იარაღის მაღაზიას. ეს ყველაფერი ერთ ლოკაციაზე, ბოჭორმის ქუჩაზე იყო განთავსებული.
კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ Battleground საშუალებას გაძლევთ გაიაროთ საცეცხლე მომზადების 3 და 6 დღიანი კურსი და მონაწილეობა მიიღოთ სროლის ტურნირებში.