მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის ცემენტის ბაზრის მონაწილე ორი კომპანია, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა?

ცემენტი

კონკურენციის სააგენტომ, ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, თუმცა კომპანიები და შემსყიდველები დააჯარიმა, რადგან კონცენტრაციაზე წინასწარ არ ჰქონდათ სააგენტოსთვის მიმართული - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილისა და გია ვარსიმაშვილის მიერ შპს „მაქს იმპორტის“ 50-50%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციებს, რაც კონკურენციის სააგენტოს თანახმად, მათთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული.

Reportal.ge-ის მონაცემებით, ეს ბიზნესმენები ფლობენ კომპანია "მაქს იმპორტს" და "ჯეო ბეტონს", რომლებიც ცემენტის წარმოება/იმპორტ/ვაჭრობით არიან დაკავებული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია "მაქს იმპორტს" 2023 წელს 12.2 მილიონი ლარის შემოსავალი და 0.3 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, 2023 წლის მდგომარეობით, კომპანიის მფლობელი ბიზნესმენი დავით ზურაბიშვილი იყო, არსებული მდგომარეობით კი მის 50-50%-იან წილებს ლევან და გია ვარსიმაშვილები ფლობენ.

ამასთან, ბიზნესმენი გია ვარსიმაშვილი ფლობს 33%-იან წილს კომპანია "ჯეო ბეტონში", Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ კომპანიას 2023 წელს 17.6 მილიონი ლარის შემოსავალი და 1.6 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

"GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის მოცულობა შეადგენდა 2 642 150 ტონას. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ბაზარი მაღალ კონცენტრირებულია - ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2876.44 ერთეულს. ბაზრის ანალიზის ნაწილში კონცენტრაციის ინდექსისა და მისი ცვლილების მაჩვენებლების გამოთვლისას, სააგენტოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული როგორც თავად შპს „მაქს იმპორტის“, ასევე ლევან ვარსიმაშვილთან და გია ვარსიმაშვილთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები, რისი დამუშავების შედეგადაც დადგინდა, რომ ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი კონცენტრაციების შედეგად მხოლოდ 55.76 პუნქტით, 2932.2 ერთეულამდე გაიზრდება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია", - წერს სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ კონცენტრაციები შეუტყობინებლად იქნა განხორციელებული, შემსყიდველი მხარეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და დაევალათ სააგენტოში განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ განაცხადის წარმოდგენა.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2024 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თანხმობა გასცა 14 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, 6 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები