მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ჰყავს მობილური ინტერეტის ყველაზე მეტი მომხმარებელი? - კომპანიების რეიტინგი

5cf39cf8c24ff
ელენე გოგბერაშვილი
02.06.19 19:00
1946
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება - 2013 წლიდან 2018 წლის ბოლომდე საშუალოდ, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 6% შეადგინა.

2018 წლის ბოლო კვარტალში, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების 55.2%-მა (2.95 მლნ) ისარგებლა.

2018 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტმომხმარებელი „სილქნეტი|ჯეოსელს“ - 1.136 მლნ ჰყავდა, მას მოსდევს „მაგთიკომი“ 976 ათასი მომხმარებლით და „ვიონი საქართველო“ - 836 ათასით, თუმცა აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტმომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია: პირველ ადგილზე არის „ვიონი საქართველო“, მობილურ ინტერნეტს კომპანიის აბონენტების 66% მოიხმარს.

ასეთი მაღალი მაჩვენებელი მობილურ ინტერნეტზე შეთავაზებული ტარიფებით და მომხმარებელთა სეგმენტითაა განპირობებული. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს „სილქნეტი“ 59%-ით და მესამეს – „მაგთიკომი“, 45%-ით.

ბოლო წლების განმავლობაში მობილური ინტერნეტტრაფიკი რეკორდულად მზარდია. 2018 წელს მობილური მომსახურების აბონენტებმა 63 ათას ტერაბაიტზე მეტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ეს მოცემულობა განპირობებულია, როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობისა და 4G მომსახურების განვითარებით.

2015 წელს 4G ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტტრაფიკის რაოდენობა. 2018 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 65% (41 ათასი ტერაბაიტი) უკვე 4G ტექნოლოგიაზე მოდის.

4G ტექნოლოგიით მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი „ვიონი საქართველოს“ აქვს - 3გბ. მეორე პოზიციას იკავებს „მაგთიკომი“ – 2.9 გბ, ხოლო „სილქნეტი|ჯეოსელი“ - 1.2 გბ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები