გუშინ ნატოს გენერალურ მდივანთან კანცელარიაში გამართული შეხვედრების პარალელურად, ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს.
სებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი სტუმრობდა, რომელმაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე სუბირ ლალიმ განაცხადა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაშიც თავის წვლილს შეიტანს რეალური ხელფასისა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებლები.
გუშინდელ შეხვედრაზე ჟურნალისტის კითხვები შეეხო IMF-ის შეჩერებულ მისიას და აღდგენის ვადებს, რაზე პასუხადაც ითქვა, რომ აემეფი ელოდება „რაღაც ზომების მიღებას და ასევე სახელმწიფო საკუთრების მფლობელობაში არსებულ საწარმოებთან დაკავშირებით რა პოლიტიკა განხორციელდება. ველოდებით ხელისუფლების რეაქციას და პასუხს, რომ რეაგირება მოახდინოს იმ მოსაზრებაზე თუ წუხილზე, რაც ჩვენ გამოვთქვით. უფრო მეტი დეტალები მოგეწოდებათ, როცა ოფიციალური დასკვნა გვექნება მზად“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა. IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.
სტუმარი: ზვიად ხორგუაშვილი - ეკონომისტი;