მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ხელშია გლობალური სიმდიდრე?

გლობალური სიმდიდრე

გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტის სრულად გასაგებად, აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ შემოსავალი და სიმდიდრე. მაშინ, როცა შემოსავალი ასახავს ფულის ნაკადს ანუ ხელფასს ან დივიდენდებს, სიმდიდრე დაგროვილი აქტივების მარაგს - უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფულადი სახსრებს წარმოადგენს.

ეკონომიკური კეთილდღეობის შესაფასებლად სიმდიდრე ხშირად შემოსავალზე უკეთეს ინდიკატორად მიიჩნევა, რადგან ის სტაბილურობის განმსაზღვრელია. სიმდიდრე ქმნის „უსაფრთხოების ბალიშს“ კრიზისების დროს, აფინანსებს განათლებას და წარმოადგენს თაობათა შორის ეკონომიკური მობილობის მთავარ მამოძრავებელ ძალას. შესაბამისად, სიმდიდრის გადანაწილება გაცილებით მეტს გვეუბნება სტრუქტურულ უთანასწორობასა და ეკონომიკურ ძალაუფლებაზე, ვიდრე უბრალოდ შემოსავლის სტატისტიკა.

2025 წლის მონაცემები, რომელიც „UBS-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიშს“ ეყრდნობა, რესურსების კონცენტრაციის გამაოგნებელ სურათს გვიჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საოჯახო მეურნეობების ჯამურმა სიმდიდრემ დაახლოებით 470.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ე.წ. trickle-down effect-ი მონაცემებში პრაქტიკულად არ ჩანს. პირიქით, კვლევა აჩვენებს მკაცრ იერარქიას, სადაც მსოფლიო ფინანსური რესურსების თითქმის ნახევარი მოსახლეობის უკიდურესად მცირე ნაწილის ხელშია ჩაკეტილი.

ყველაზე თვალშისაცემი „პირამიდის“ მწვერვალია. ე.წ. „მილიონერთა კლასი“ — ზრდასრული ადამიანები 1 მილიონ დოლარზე მეტი წმინდა ქონებით - მხოლოდ 60 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 1.6%-ია. თუმცა, ეს მცირე ჯგუფი აკონტროლებს 226.47 ტრილიონ დოლარს, ანუ გლობალური სიმდიდრის 48.1%-ს. ამ ელიტურ ფენაში კონცენტრაცია კიდევ უფრო მძაფრდება: მილიარდერთა მიკროსკოპული ჯგუფი 15 ტრილიონ დოლარზე მეტს ფლობს, ხოლო მათგან მხოლოდ 15 ინდივიდის ქონება აღემატება 100 მილიარდ დოლარს.

მწვერვალის ქვემოთ „ზედა-საშუალო“ ფენაა. განვითარებულ ქვეყნებში ეს ჯგუფი ხშირად შეძლებულ საშუალო კლასად მოიაზრება და 628 მილიონ ზრდასრულს აერთიანებს. ისინი ჯამურად 184.5 ტრილიონ დოლარს ფლობენ. თუ ამ ჯგუფს მილიონერებს შევუერთებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობის უმდიდრესი 18% მსოფლიო სიმდიდრის თითქმის 87.3%-ს განკარგავს.

ქვედა საფეხურების მონაცემები უმრავლესობის არასახარბიელო მდგომარეობას უსვამს ხაზს. ყველაზე დიდი დემოგრაფიული ჯგუფია „ქვედა-საშუალო“ ფენა, რომელიც 1.57 მილიარდ ადამიანს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის 41.3%-ს შეადგენენ, მათ ხელში სიმდიდრის მხოლოდ 12.1%-ია.

და ბოლოს, პირამიდის ფუძე გლობალური სიღარიბის მასშტაბებს გვაჩვენებს. აქ არის 1.55 მილიარდი ზრდასრული ადამიანი, რომელთა ქონება 10,000 დოლარზე ნაკლებია. ეს ჯგუფი მსოფლიო მოსახლეობის 40.7%-ს შეადგენს, მაგრამ რეალურად არაფერს ფლობს - მათზე გლობალური აქტივების მხოლოდ 0.6% მოდის. მონაცემები საბოლოოდ ასკვნის, რომ პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევრისთვის „სიმდიდრე“, როგორც უსაფრთხოების გარანტი, პრაქტიკულად არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები