მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის მართვაში დარჩება ფილარმონია ამ დრომდე უცნობია - ეკონომიკის სამინისტრო მეოთხე თვეა ფიქრობს

5cd055840cd76
თელარა გელანტია
07.05.19 11:13
1624
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ჩაჩანიძის განცხადებით, სააგენტო თბილისის საკონცერტo დარბაზის (ფილარმონიის) აქტივებს სწავლობენ.

საქმე იმაშია, რომ ამჟამად, ფილარმონიის მმართველი კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსია“, რომელიც დარბაზს 2007 წლიდან 49-წლიანი იჯარით მართავს. ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება.

2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა და დავალიანების 9 წელზე გადანაწილება სთხოვა. სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა „ინტერნეიშენალ ივენთსის“ წერილს წინ უძღოდა ქონების ეროვნული სააგენტოს 4 იანვრის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დავალიანების გამო სააგენტო ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტდა.

„დღეის მდგომარეობით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსს“ ერიცხება 8 წლის განმავლობაში გადაუხდელი მართვის საზღაურის დავალიანება, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის / არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო იყენებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას“, - ეწერა წერილში, თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ჩაჩანიძემ bm.ge-ის კიდევ ერთხელ უთხრა, რომ 4 იანვრის წერილი მხოლოდ გაფრთხილებას წარმოადგენდა და სააგენტოს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, შეწყვეტს თუ არა ხელშეკრულებას „ინტერნეიშენალ ივენთსთან“.

„ფილარმონიის მართვის უფლება არის მოპოვებული სახელმწიფო საწარმოზე და შესაბამისად, სახელმწფოსთვის საწარმოს უკან დაბრუნების შემთხვევაში იქნება ბევრი საკითხი, რომელიც მანამ, ვიდრე ურთიერთობა შეწყდება, არის გასარკვევი. კერძოდ, სამართავად გადაცემულ საწარმოს აქვს თავისი სპეციფიკა ანუ რა მდგომარეობით ჩვენ ის გადაავეცით ოდესღაც, ბუნებრივია, ის ამ ფორმით არ იარსებებს; როდესაც სახელმწიფო ქონებას დაიბრუნებს, ცხადი სურათი უნდა გვქონდეს, რა ტიპის ვალდებულებებზე და რა ტიპის აქტივებზეა საუბარი. სწორედ ამ პროცესში ვართ, ესაა ერთგვარი აუდირების პროცესი. შემდგომ აქაც კითხვები არ უნდა დაგვრჩეს. ახლა ამ პროცესში ვართ, ვსწავლობთ საწარმოს აქტივებს, მის ფინანსურ მდგომარეობას და ა.შ. და ამის შემდეგ იქნება სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ჩაჩანიძემ, მაგრამ კონკრეტული ვადები ვერ დაასახელა.

„ჩემი მხრიდან ზუსტი თარიღის დასახელება არ იქნება სწორი, მაგრამ ჩვენ ძალიან მალე ველოდებით ამ პროცესის დასრულებას“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: თავის მხრივ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ.

როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები