2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე 1 მარტამდე ვერ შეცვლის მართვის მოწმობას, დოკუმენტი ავტომატურად ძალადაკარგულად ჩაითვლება.
მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა.
მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, თუმცა განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი შეცვლა.
„მართვის მოწმობის ეს ცვლილება ეხება იმ კატეგორიის მძღოლებს ვინც მართავენ სატვირთოს, სამგზავრო და მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს, ვინაიდან 2014 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა ცვლილება, რომელმაც განმარტა რა ვადით იყო შესაძლებელი ამ მძღოლებისთვის მართვის უფლება. ეს ვადა თავდაპირველად იყო 2018 წლის 1 სექტემბერი, მაგრამ გამომდინარე დიდი მასიდან მოგვიწია ვადის გადაწევა და საბოლოოდ გადაწყდა 1 მარტი“, - განმარტა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა „საქმინი დილის“ ეთერში.
აღსანიშნავია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2014 წლის 1 მარტიდან, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული გარემოება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.

























