მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის რაში სჭირდება Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი? – უჩა სეთურის განმარტება

მასკი

ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. Starlink-ით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც შესაბამის მოწყობილობას და ინტერნეტის სერვისს შეიძენს.

Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის 160 ლარს შეადგენს, ხოლო სერვისის აპარატურის მისაღებად გადასახდელი თანხა 1780 ლარია, მაგრამ ეს თანხა ერთჯერადია. ამასთან, 235 ლარი არის გადასახდელი აპარატურის თბილისში მისაღებად, კორპორაციული მომხმარებლების შემთხვევაში კი ფასები იზრდება და მხოლოდ ინფრასტრუქტურა 8320 ლარზე მეტი ჯდება.

თავისი არსით, სატელიტური ინტერნეტი პრემიუმ სერვისია და მისი შედარება საკაბელო ინტერნეტთან აზრს მოკლებულია, რადგან ამ ტექნოლოგიის მიზანი ისეთი ტერიტორიების მომსახურებაა, სადაც საკაბელო ინფრასტრუქტურა ფიზიკურად არ არსებობს ან სათანადოდ ვერ მუშაობს.

TECH INFORM-ში სტუმრობისას, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ, უჩა სეთურმა Starlink-ის სამიზნე აუდიტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სერვისი, ძირითადად, აქტიური ცხოვრების სტილის მოყვარულ მოსახლეობაზეა გათვლილი, რომელსაც სურს, რომ მაღალი ხარისხისა და სისწრაფის ინტერნეტი მუდამ თან ჰქონდეს, ადგილმდებარეობის მიუხედავად.

„სადმე თუ მივდივართ, სადაც არ არის ხელმისაწვდომი არც მობილური ტელეფონის და არც საკაბელო ინტერნეტი, შეგვიძლია გამოვიყენოთ Starlink-ის სერვისი, ამისათვის მხოლოდ ელექტროენერგია იქნება საჭირო და მიმღები მოწყობილობა. ეს სერვისი განსაკუთრებით ხელსაყრელია ოფროუდერების, მოგზაურების, ჰაიკერებისა და ნომადებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოწყობილობა ზომაში არ არის დიდი და მისი გატანა ჩანთითაც მარტივად შეიძლება“, - განაცხადა უჩა სეთურმა

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, Starlink-ის მოწყობილობის ჩართვა დაახლოებით ორ წუთშია შესაძლებელი და მას არ სჭირდება არც სპეციალური პროცედურის გავლა და არც ტექნიკური ცოდნის ქონა.

Starlink-ის კიდევ ერთი დანიშნულება კავშირგაბმულობის დაზღვევაა. მაგალითად, კომპანიამ, შესაძლოა, ეს სერვისი იმ მიზნით დაამონტაჟოს, რომ საკაბელო ქსელის შეფერხების შემთხვევაში, მის გამოყენებაზე გადაერთოს და საოპერაციო პროცესი არ შეაფერხოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები