საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. როგორც BMG-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
საქართველოში მისი ოპერატორი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის რეგიონში Starbucks-ის ფრენჩიზის მფლობელს, ქუვეითურ კონგლომერატ Alshaya group-ს შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მის ოპერირებაზე თურქეთის ოფისი იქნება პასუხისმგებელი. თავად თურქეთში Alshaya Group-ი Starbucks-ის 685 ობიექტს მართავს.
BMG-ის ინფორმაციით, კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს ელოდებიან.
პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე.
BMG-ის ინფორმაციით, პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში გაიხსნება. Starbucks ქსელური რესტორნის გახსნა იგეგმება „თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც.“ კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილე და მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა BMG-თან ადასტურებს, რომ ბრენდთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თავად Alshaya Group-ი ქუვეითის ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიბრენდული ჰოლდინგია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და თურქეთის ბაზრებზე ფლობს ისეთი ბრენდების ფრენშიზულ ლიცენზიებს, როგორიცაა Chipotle, Starbucks, H&M, New Balance, MAC, Body Shop, American Eagle-ს და სხვა ბრენდებს. ასევე სასტუმროების ქსელ Hampton-ს.
Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.
საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.
ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება „სტარბაქსის“ ყავა საქართველოში.
ინფორმაციისთვის, Starbucks ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი — სიეტლში, აშშ მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. პირველი Starbucks 1971 წლის 30 მარტს სწორედ ქალაქ სიეტლში გაიხსნა.




























