გადახდების გიგანტმა Visa-მ თავისი ქსელი ChatGPT-ში ჩააშენა, რაც ჩატბოტს მომხმარებლის სახელით, დამოუკიდებლად შოპინგისა და ტრანზაქციების შესრულების საშუალებას აძლევს.
პარტნიორობის ფარგლებში AI აგენტებს არა მხოლოდ პროდუქტებისთვის რეკომენდაციის გაწევა, არამედ ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, რომელიც Visa-ს იღებს, შესყიდვების დასრულებაც შეუძლიათ. მანამდე მსგავსი ტექნოლოგიური მცდელობები მხოლოდ ერთ კონკრეტულ საცალო მოვაჭრესთან ან დარეგისტრირებულ მაღაზიათა მცირე ჯგუფთან იყო შესაძლებელი.
OpenAI უზრუნველყოფს ტექნოლოგიას, რომელიც აგენტებს ChatGPT-ის მეშვეობით ინტერაქციის, გადაწყვეტილებების მიღებისა და შესყიდვების ინიციირების საშუალებას აძლევს. ჩინეთის მიღმა მსოფლიოს უდიდესი საგადამხდელო ქსელი Visa კი გადახდის ავტორიზაციასა და თაღლითობის მონიტორინგს უზრუნველყოფს.
"რადგან AI აგენტები ეკონომიკის აქტიური მონაწილეები ხდებიან, Visa-ს მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ტრანზაქციების სანდოობა, უსაფრთხოება და შეუფერხებლობა", - განაცხადა კომპანიის პროდუქტებისა და სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა ჯეკ ფორესტელმა.
სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას ფორესტელმა მოიყვანა მაგალითი: მომხმარებელი სთხოვს ChatGPT-ს, მოძებნოს უსადენო ყურსასმენები 150 დოლარზე ნაკლებ ფასად. ჩატბოტი იპოვის შესაფერის წყვილს და მომხმარებლის სახელით შეიძენს მას.
ფუნქციის გასააქტიურებლად მომხმარებლებმა თავიანთი Visa-ბარათები ChatGPT-ს უნდა დაუკავშირონ. მომხმარებელთა დასაცავად და თაღლითობის მინიმიზაციისთვის იმოქმედებს გარკვეული ბარიერები, მათ შორის დანახარჯების ლიმიტები, სავალდებულო დასტურის ეტაპები და დამტკიცებული სავაჭრო ობიექტების სია.
ფორესტელის თქმით, Visa დავებს იმავე წესებით განიხილავს, რასაც სხვა ნებისმიერი ტრანზაქციის შემთხვევაში იყენებს - მაგალითად, გადაამოწმებს, ნამდვილად სურდა თუ არა მომხმარებელს შესყიდვა და სწორად დაამუშავა თუ არა ის სავაჭრო ობიექტმა.
ეს ელექტრონულ კომერციაში OpenAI-ის პირველი მცდელობა არ არის. გასული წლის ბოლოს კომპანიამ ფუნქცია "Instant Checkout"-ი ჩაუშვა, რაც ChatGPT-ს კონკრეტული ნივთების მოსაძებნად ინტერნეტის სკანირების საშუალებას აძლევდა. თუმცა, ფუნქციას ხშირად ჰქონდა შეცდომები, არ იყო ფართოდ მიღებული იმ მაღაზიების მიერ, რომლებმაც 4%-იანი ტრანზაქციის საკომისიო გააპროტესტეს და საბოლოოდ, მარტში გაუქმდა.
ახალი შეთანხმების ფინანსური პირობები ან სავაჭრო ობიექტებისა და მომხმარებლებისთვის სავარაუდო საკომისიოები Visa-სა და OpenAI-ს არ გაუსაჯაროებიათ.
ფორესტელმა აღიარა, რომ მომხმარებელს დრო დასჭირდება, რათა შოპინგი AI აგენტებს სრულად ანდოს. მისი ვარაუდით, საწყის ეტაპზე ტრანზაქციების უმეტესობას მაინც დასჭირდება ადამიანის თანხმობა - აგენტები შესყიდვის დასრულებამდე მომხმარებელს შეტყობინებას გაუგზავნიან.
"ვფიქრობ, ზოგადად იქ ვართ, სადაც ადამიანების უმეტესობას მის [ჩატბოტის] შოპინგთან დაკავშირებული ფუნქციები კომფორტულად მიაჩნია", - თქვა მან და დასძინა, რომ ავტონომიურ შესყიდვებზე გადასვლა "უბრალოდ ნდობის სრულიად სხვა დონეს მოითხოვს".
აღსანიშნავია, რომ Visa-ს მთავარი კონკურენტი, Mastercard-ი, ასევე მუშაობს საკუთარი AI შოპინგის ფუნქციებზე, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით. მისი შეთავაზება უფრო ბიზნესზეა გათვლილი, ვიდრე მომხმარებელზე, და AI აგენტებს საშუალებას აძლევს, კომპანიის სახელით შეისყიდონ სხვადასხვა მომსახურება - მაგალითად, რეკლამა.




























