მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი ბრალია საცობები და სად არის გამოსავალი? - დავით მესხიშვილის პასუხი

საცობები

არასამთავრობო ორგანიზაცია “12 სართულის” კვლევის თანახმად, თბილისში მცხოვრები ადამიანები თვეში მინიმუმ - 20, წელიწადში კი 240 საათს, საცობში ატარებენ. კითხვაზე, ვისი ბრალია საცობები და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, BMGDrive-ის ეთერში დავით მესხიშვილი პასუხობს.

“გადატვირთული საგზაო მოძრაობა, ნაწილობრივ, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. პირველ რიგში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქის ქაოსური განაშენიანება მიდის. ზოგ ქუჩაზე 4 მეტრის სიგანის გზაზე ორმხრივად არის მრავალსართულიანი კორპუსები ჩადგმული და პარკინგი არც ერთს არ აქვს. ასეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ აწვდი მოსახლეობას, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ ეტევა, ყველა ყიდულობს ავტომობილს და მათი რაოდენობაც იზრდება და იზრდება. ერთ ოჯახში რომ 3+ ავტომობილია, ჩვენც ხომ უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს პრობლემაა.

ჩვენივე წვლილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, რაც არ არის უვნებელი ქმედება, შედეგი რომ არ მოჰყვეს. მოძრაობის წესების დარღვევა იწვევს საცობებსაც და ავტოსაგზაო შემთხვევებსაც. პრობლემა გამოიწვია იმანაც, რომ მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, რამაც მგზავრთნაკადის გატარება გაართულა”, - განმარტავს დავით მესხიშვილი.

რაც შეეხება პრობლემიდან გამოსავალს, “გრინლაით კონსულტინგის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ზოგი გადაწყვეტა მერიის კომპეტენციაა, ზოგი კი მას სცდება და უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს.

“პირველი, რაც მერიამ უნდა გააკეთოს, საკმარისი რაოდენობის ავტობუსებით უნდა მოამარაგოს ქალაქი და შეკრას ავტობუსის ზოლი. შეიძლება, ბევრი ავტობუსი გვყავდეს, მაგრამ თუ მიწოდება დარღვეულია, 200 000 ავტობუსიც რომ იყოს, აზრი არ აქვს. მერიამ ავტობუსები უნდა დაიხსნას საცობიდან.

ასევე მნიშვნელოვანია ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვაც, რაც ძვირად ღირებული პროექტია, თუმცა უკვე გაჟღერდა, რომ გერმანიის განვითარების ბანკის დახმარებით დაინერგებოდა ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა. ამის ინტეგრირება ბევრ რამეში შეიძლება. მაგალითად, როდესაც დასუფთავების მანქანა მუშაობს, მას უნდა ჰქონდეს სიგნალი, რომელი ურნაა დასაცლელი და რომელი - არა, რომ ყველასთან არ მივიდეს. ასევე პარკინგზე, თუ რომელიმე უბანში მანქანის გაჩერება გინდათ, ჭკვიანი სისტემით წინასწარ გეცოდინებათ, ზუსტად სად არის თავისუფალი ადგილი, რომ წრეების რტყმა არ მოგიწიოთ”, - ამბობს დავით მესხიშვილი.

რაც შეეხება საცობების პრობლემის უფრო მასშტაბურ გადაწყვეტას, მესხიშვილი აღნიშნავს, რომ გამოსავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებში განაწილებაშია.

“ყველა ერთდროულად არ უნდა ვიღვიძებდეთ და მივდიოდეთ ერთ დროს ყველგან. სკოლა და სამსახური სხვადასხვა დროშია გადასაყვანი. ის პროფესიები, რომლებიც შეიძლება დისტანციურად იყოს, ონლაინ უნდა გადავიდეს - ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

ასევე, გარკვეული დაწესებულებები ქალაქის ცენტრიდან უნდა გავიყვანოთ, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურები, სამინისტროები, ორგანიზაციები სადაც მოსახლეობას ხშირად უწევს მისვლა. მოძრაობის პერიფერიებში გადანაწილება საერთაშორისო მიდგომაა”, - აცხადებს დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი 9 თვეში, საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული, რომელთა 37% - 619 006 ავტომობილი, თბილისზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები