ფინანსთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8.54 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 209 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა პირიქით - 1.09 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და ის 24.6 მილიარდ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვალის პორტფელს, საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარია.
საგარეო ვალის სტატისტიკა 2025 წლის იანვრის მდგომარეობით:
კრედიტორი | ვალის ნაშთი |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2,260 მილიონი დოლარი; |
მსოფლიო ბანკი | $2,092 მილიონი დოლარი; |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1,074 მილიონი დოლარი; |
საფრანგეთი (AFD) | $764 მილიონი დოლარი; |
გერმანია (KFW) | $558 მილიონი დოლარი; |
ევრობონდი | $500 მილიონი დოლარი; |
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ | $351 მილიონი დოლარი; |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $211 მილიონი დოლარი; |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $211 მილიონი დოლარი; |
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ მთავრობის ვალი (IMF) | $176 მილიონი დოლარი; |
ევროკავშირი (EU) | $138 მილიონი დოლარი; |
იაპონია | $120 მილიონი დოლარი; |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $35 მილიონი დოლარი; |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $15 მილიონი დოლარი; |
ავსტრია | $10 მილიონი დოლარი; |
ქუვეითი | $9 მილიონი დოლარი; |
რუსეთი | $7.9 მილიონი დოლარი; |
ამერიკის შეერთებული შტატები | $6.3 მილიონი დოლარი; |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $3.2 მილიონი დოლარი; |
თურქეთი | $2.2 მილიონი დოლარი; |
ყაზახეთი | $1.3 მილიონი დოლარი; |
აზერბაიჯანი | $1.2 მილიონი დოლარი; |
სომხეთი | $1.0 მილიონი დოლარი; |
ირანი | $0.8 მილიონი დოლარი. |
ლარში გამოსახული ვალის მატება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება. თუკი 2024 წლის იანვარში საგარეო ვალის დაანგარიშებისას ერთი დოლარი 2.68 ლარი ღირდა, 2025 წლის იანვარში მისი კურსი 2.87 ლარს შეადგენდა, რაც 7%-იანი გაუფასურებაა. კურსის ვარდნამ კი ლარებში ვალის ნაშთი 1.09 მილიარდი ლარით გაზარდა.
რაც შეეხება თავად დოლარში წლიურ ჭრილში ვალის მოცულობის 209 მილიონი დოლარით შემცირებას, ისიც გაცვლითი კურსის ეფექტს უკავშირდება, თუმცა ამ შემთხვევაში ევროს კურსის ცვლილებას. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 59% სწორედ ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ერთწლიან ჭრილში დოლართან მიმართებით გაუფასურდა, 2024 წლის იანვარში ერთი ევრო 1.08 დოლარი ღირდა, ხოლო ამჟამად მისი ფასი 1.04 დოლარია (გაუფასურება 4%). ეს გაუფასურება კი ამცირებს ყველა იმ საგარეო ვალის ღირებულებას, რომელიც ევროში არის ნომინირებული. ეს სავალუტო ეფექტი ვალის მთლიანი პორტფელის 209 მილიონი დოლარით შემცირებაში აისახა.
თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ლარი დოლართან უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ევრო დოლართან, ვალის მთლიანი ნაშთი შემცირების ნაცვლად გაიზარდა.