მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„Vision Air“-მა კიშინიოვი–თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

Vision Air

ავიაკომპანია „Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი რეისი კიშინიოვი–თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური დახვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ოპერირების მიმართულებით ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს და Vision Air-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ცხადაძის განცხადებით, „Vision Air“-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს,“ - განაცხადა ცხადაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, Vision Air მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

რეგულარული ფრენები კიშინევი–თბილისი–კიშინევის ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა კომპანია ეტაპობრივად რეისების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

ამჟამად მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ასევე ასრულებს ავიაკომპანია FLYONE.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები