„ვისოლის“ ახალგაზრდა მრბოლელებმა NASCAR Euro Series 2026-ის სეზონი უმაღლესი შედეგებით დაასრულეს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა სანდრო თავართქილაძემ „მასტერსის“ კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო სანდრო ქაჯაიამ, სადებიუტო სეზონში, „როკი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბელგიაში, ზოლდერის ავტოდრომზე გაიმართა.
საქართველო 2026 წლის ევრონასკარზე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია - ნიდერლანდური გუნდის, „Bleekemolen”-ის, შემადგენლობაში ასპარეზობდნენ.
წელს „ვისოლის“ ავტოსპორტის მხარდაჭერა „გზა შენია“ პლატფორმის ქვეშ გაერთიანდა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, მრბოლელების პროფესიულ განვითარებას, საავტომობილო შეჯიბრებების მხარდაჭერასა და საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაციას.






























