მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისურვებდი, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გამოცადონ რამხელა დისკომფორტი და ხარჯი ახლავს სავიზო პროცესს - სოფო დარბაიძე

სოფო დარბაიძე

ვისურვებდი გადაწყვეტილების მიმღები პირები ჩადგნენ ვიზისთვის რიგში და საკუთარ თავზე გამოცადონ რამხელა დისკომფორტი, ხარჯი და რისკები ახლავს სავიზო პროცესს - ასე ეხმაურება “მილქი ვეის” თანადამფუძნებელი სოფო დარბაიძე საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებას და ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა დამოკიდებულებას.

ტურისტული კომპანიის მფლობელი განმარტავს, რომ მართალია მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე უახლოესი რამდენიმე თვე არ დგას, თუმცა ამის მიუხედავად თემის დღის წესრიგში ყოფნა ბიზნესზე ცუდად მოქმედებს.

ზაფხულის პერიოდში დაიწყო ამაზე საუბარი და ძალიან მკვეთრად შემცირდა გაყიდვები ნებისმიერი მიმართულებით, რაც ისეთ ქვეყნებს ეხებოდა, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ამიტომ ბიზნესისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დამაზიანებელი პროცესია. ყოველ ჯერზე როცა ახლიდან მოდის ეს ტალღა, რომ შეიძლება გაზაფხულიდან ან ზაფხულიდან მოგვიწიოს სავიზო საკითხებში დამატებითი ხარჯების გადახდა, საფრთხის წინაშე დავდგეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არ შეგვიშვან, ეს გაყიდვებზე ცალსახად ახდენს გავლენას. თუმცა რეალურად ჩვენ, ტუროპერატორები და ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ამ საკითხში კომპეტენტურები ვართ და პრაქტიკით ვიცით როგორ არის, ვაცნობიერებთ, რომ უახლოესი რამდენიმე თვე არაფერი არ მოხდება. განსაკუთრებით ანგარიშშიც ნახსენები იყო ის, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეებს ეს შეზღუდვები არ შეეხებათ“, - ამბობს სოფო დარბაიძე.

“მილქი ვეის” თანადამფუძნებელი მიუთითებს, რომ ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული მოქალაქისთვის ამა თუ იმ ქვეყნის ვიზის მიღებს, კარგად ჩანს აშშ-ს ვიზის მისაღებ გასაუბრებაზე, როდესაც ადამიანები დამატებითი ხარჯების და ემოციური წნეხის ქვეშ არიან.

"რამდენიმე დღის წინ ვიყავი ამერიკის ვიზაზე შესული. პირადად პირველად მქონდა ასეთი გამოცდილება და ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. გარდა იმისა, რომ დამატებითი ხარჯია და მინიმუმ 1200 ლარია ამ შემთხვევაში, არის ემოციური მომენტები. როდესაც კონსულთან გასაუბრებაზე მიდიხარ ცოცხალ რიგში დგები, ამ რიგის განმავლობაში ჩემ წინ გაიარა რამდენიმე ათეულმა ქართველმა, სხვადასხვა პრობლემებით, სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა საჭიროებებით, რის გამოც ითხოვდნენ ამერიკის ვიზას. უყურებ, როგორ მოსდიოდათ ცრემლი უარზე, იყო შემთხვევა ქალბატონი, რომელიც ჩემ წინ იყო, უარის შემდეგ ეხვეწებოდა კონსულს, რომ აი, დაგიჩოქებთ და ვიზა მომეცითო... უფრო მძაფრად დავინახე, რომ ადამიანებს ისეთ დონეზე სჭირდებათ რაღაც-რაღაცები, რომ მზად არიან მუხლებზე დაიჩოქონ. ამ დროს ხელისუფლება გვეუბნება იმას, რომ თურმე ვიზა ღვთიური მანანა არ არის. ამ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ვიზები სჭირდებათ, რა თქმა უნდა ღვთიურიც არის და დაჩოქების ღირებულებაც შეიძლება ჰქონდეს ვიღაცისთვის“, - ამბობს სოფო დარბაიძე.

ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი მიუთითებს, რომ თუ დღეს რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში სავიზო პროცედურის გავლა გვიწევს, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ყველას აიძულებს სასურველ ქვეყანაში წასვლამდე დიდი პროცედურა გაიაროს: თარგმნოს დოკუმენტები, ამოიღოს საბანკო ამონაწერები, ქონების შესახებ მონაცემები.

რეალურად ვიზის ხარჯი რაც ექნებათ ადამიანებს, არის ქართველი მოგზაურის საშუალო ბიუჯეტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება“, - ამბობს სოფო დარბაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები