ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილთა რიცხვებში ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება რამდენიმე ათეული ადამიანი.
ბოლო ცნობებით, ისრაელის სამხრეთსა და ღაზის სექტორში განადგურებულია 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი, ათობით ტყვედ არის აყვანილი, იტყობინება ისრაელის არმიის პრესმდივანი დანიელ ჰაგარი. მისი თქმით, ყველა ქალაქში განლაგებულია ისრაელის თავდაცვის ძალები. ამის შესახებ Times of Israel წერს.
რთული ვითარებაა ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქ სდეროთში. გრძელდება შეტაკებები ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მოიერიშეებს შორის, რომლებიც სდეროთში პოლიციის განყოფილებაში არიან გამაგრებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, მთლიანობაში ქალაქი ისრაელის კონტროლქვეშაა.
უცნობია პალესტინელი მებრძოლების მიერ ტყვედ აყვანილი ისრაელელების ოფიციალური რაოდენობა. მაგრამ აშშ-ში ისრაელის საელჩო იტყობინება, რომ ტყვედ არის აყვანილი, სულ მცირე, ასი ისრაელელი.
7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიების მასიური იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ისრაელის სამხედრო ბაზა. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის თავდაცვის ძალები ატარებენ ოპერაცია „რკინის ხმლებს“. არმიამ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები. ტყვეთა ნაწილი ღაზაში გადაიყვანეს.
სტუმარი: იციკ მოშე - „ისრაელის სახლი“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი;