მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიტრაჟებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა - Art Glass Studio

64957fe36a88b
სალომე ხიდურელი
25.06.23 23:51
815
სტატიაში საუბარია:
ვიტრაჟების მწარმოებელი ქართული კომპანია Art Glass Studio, რომელიც ბათუმში მდებარეობს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე წარმოების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ საწარმოს თანადამფუძნებელი მარიამ შავაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ვიტრაჟებზე მოთხოვნა განსაკუთრებით 2019 წლის შემდეგ გაიზარდა, საწარმოში კი შეკვეთების რაოდენობა 2022 წელს 2021-თან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.

„ამ ეტაპზე ბათუმის ბაზარი სრულად გვაქვს ათვისებული, ძალიან ბევრ შეკვეთას ვიღებთ თბილისიდანაც და არა მხოლოდ, საქართველოს მასშტაბითაც უამრავ ვიტრაჟს ვყიდით. კერძო შეკვეთები გვაქვს უცხოეთიდანაც.

ზოგადად, ბოლო წლებში ვიტრაჟი ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით 2018-19 წლებიდან, რაშიც ჩვენი წვლილი შევიტანეთ, უფრო მეტად გავაცანით ხალხს და ცნობადობაც გავზარდეთ, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება, ამიტომ დამატებითი კადრებიც გვჭირდება, რომ წარმოება გავაფართოოთ“, - ამბობს მარი შავაძე.

მისი თქმით, საწარმოს გახსნის იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა მისი განხორციელების შესაძლებლობა 2018 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების პროგრამით გახდა. როგორც სააგენტოს წარმომადგენელი BM.GE-სთან აღნიშნავს, კომპანიამ 20 000-ლარიანი დაფინანსება 20%-იანი თანამონაწილეობის პირობით მოიპოვა, აღნიშნული გრანტით კი ვიტრაჟის კონტურული დანადგარი შეიძინეს და წარმოება გახსნეს.
 
Art Glass Studio-ში წლების განმავლობაში რამდენიმე ახალი ტექნოლოგია დაინერგა. საწარმო ამ ეტაპზე ამზადებს როგორც მხატვრულ ვიტრაჟებს, ასევე შუშაზე გრავირებასა და ბარიერულ ჭრას ნებისმიერ ზედაპირზე. როგორც მარიამ შავაძე აღნიშნავს, კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო ადგილობრივ ბაზარზე, რომელმაც ვიტრაჟების წარმოება დაიწყო, თუმცა დღესდღეობით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სტუდიების რაოდენობაც იზრდება.

რაც შეეხება ფასებს, საწარმოს წარმომადგენლის თქმით, შესრულებული ტექნოლოგიების მიხედვით, კვადრატული მეტრის ღირებულებაც განსხვავდება, საწყისი ფასი კი, საშუალოდ, 900 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები