“ვითხოვთ, რეორგანიზაციის პროცესის გაუქმებას”, - ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ადმინისტრაციას 24 საათს აძლევს.
გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებთან ერთად ილიაუნის ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა, მათ შორისაა უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესის შეჩერება და ბიზნესის სკოლისთვის ძველი სტატუსის დაბრუნება.
ამასთან, რეორგანიზაციასთან ერთად ყოფილი დეკანი ითხოვს, არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლობით ორგანოების ისეთი კადრებით დაკომპლექტებას, რომლებიც უნივერსიტეტზე ამ მიმართულებით იმუშავებენ.
მის მოთხოვნებში ასევე შედის, რომ უნივერსიტეტის ფინანსები იყოს გამჭვირვალე.
ქადაგიძის თქმით, დაახლოებით, 15 მილიონი ლარიდან, რომელიც არის ბიზნესის სკოლის შემოსავალი, ბიზნესის სკოლაზე მაქსიმუმ 3 მილიონი ლარი იხარჯება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი თანხის სხვა მიზნებისთვის ხარჯვა ხდება.
„ვითხოვთ გაუქმებას იმ ფარსი რეორგანიზაციის, რომელიც შემოგვთავაზა ცენტრალურმა ადმინისტრაციამ; ვითხოვთ, არჩევნების თავიდან ჩატარებას, რომ ბიზნესის სკოლის წარმომდგენლობითი ორგანოები დაკომპლექტდეს იმ ხალხით, რომლებიც რეალურად დაიცავს ბიზნეს სკოლის ინტერესებს და რაც მთავარია, ამ პროცესებში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები კერძო სექტორის წარმომადგენლები - დამსაქმებლებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო; მე არ მინდა ულტიმატუმების და შანტაჟის ენით ლაპარაკი; მე მინდა, განხორციელდეს რეფორმები, რომელიც დადებს შედეგს“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
რაც შეეხება იმას, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ილიაუნის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის და სტუდენტების ნაწილის მოთხოვნებს 24 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილებს, ქადაგიძე ამ მიმართულებით სამომავლო აქტივობებს არ აკონკრეტებს.
გიორგი ქადაგიძესთან ერთად სტუდენტებთან შეხვედრას ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი პაპავაც ესწრებოდა.

























