"ვივა ჯგუფი" - ჰოლდინგური კომპანია, რომელიც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში უძრავი ქონების სამშენებლო/დეველოპერულ და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სახარჯი მასალის იმპორტის მიმართულებებს აერთიანებს, საქართველოში ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიას ხსნის.
კომპანიის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭაჭიაშვილმა "საქმიანი დილას" ეთერში ლაბორატორიის საქმიანობისა და მშენებლობის დასრულების ვადებზე ისაუბრა.
"ვაკეთებთ საკმაოდ მაღალტექნოლოგიურ ღეროვანი უჯრედების წარმოების ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიას საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომელიც დაახლოებით ექვს თვეში უკვე შევა აქტიურ მუშაობაში", - განაცხადა მან.
"ვივა ჯგუფის" საქმიანობაზე საუბრისას დამფუძნებელმა აღნიშნა, კომპანია აქტიურად ოპერირებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.
ამასთან, ჰოლდინგი წარმოადგენს ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Beckman Coulter, Werfen, Cepheid, BD, Sakura, Bio-Rad, Bruker და Bioeksen. ეს პარტნიორობები მოიცავს არა მხოლოდ პროდუქტის მიწოდებას, არამედ ცოდნისა და ხარისხის სტანდარტების გაზიარებას რეგიონში.
მიმდინარე კვირაში "ვივა ჯგუფი" საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა. როგორც ნუგზარ ჭაჭიაშვილმა BMG-სთან აღნიშნა, კომპანიისთვის BAG-ი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია გაიღრმაოს.
"ბიზნეს ასოციაცია საკმაოდ კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ გავიცნოთ სხვა წარმატებული კომპანიები და, რაღაც კუთხით, მივაწვდინოთ სახელმწიფოს ჩვენი ხმა. საკმაოდ ხშირად განიხილება ახალი რეგულაციები და ახალი კანონების ბიზნეს ასოციაციაში; ხშირად მათი წინააღმდეგიც ვართ, რადგან სახელმწიფოს, ზედმეტი ზრუნვით, მაინცდამაინც კარგი რეგულაციები არ გამოსდის ხოლმე, და შევეცდებით, რომ ასეთ რაღაცებში მაქსიმალურად აქტიურად ჩავერთოთ", - ამბობს "ვივა ჯგუფის" დამფუძნებელი.
ჰოლდინგური კომპანიისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობაზე "საქმიანი დილას" ეთერში ლევან ვეფხვაძემ, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო სწორედ ის, რომ ერთი მხრივ, გაქვს შესაძლებლობა "ვივა ჯგუფთან" ერთად სამშენებლო თემებზე ვისაუბროთ და, მეორე მხრივ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მიმართულებაზე, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად არის სერვის-კომპანია, რომლის მსგავსიც ჩვენი ასოციაციის წევრი აქამდე არ ყოფილა.
ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფართოვდება პროფილი იმ კომპანიებისა, რომლებსაც ჩვენ ვაერთიანებთ და იმ თემატიკის, რომელზე მუშაობაშიც ჩვენ ერთობლივად შეიძლება ვიყოთ ჩართულები. ჰოლდინგური კომპანიისთვის თავისთავად მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ მას ასოციაციაში ეგულება პარტნიორები, იმიტომ რომ მისი ინტერესი მრავალმხრივია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პლატფორმას "ვივა ჯგუფი" ძალიან აქტიურად გამოიყენებს" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.




























