იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით როდესაც საქალაქო სასამართლოში კომერციულ დავებთან დაკავშირებით ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, არ იყო რამდენიმე მნიშნელოვანი ნიუანსი გათვალისწინებული. მაგალითად ის, რომ ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შერჩევა უშუალოდ სასამართლოში, თავმჯდომარის მიერ მოხდა და ამ შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მონაწილეობა არ მიუღია.
ჯანეზაშვილის თქმით მისთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის დღემდე უცნობია, რამდენად ჰქონდათ აღნიშნულ მოსამართლეებს კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციფიკური სწავლება გავლილი.
„გარკვეული ხარვეზები იყო ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის პროცესებში. რასაკვირველია მე შერჩეული მოსამართლეების კომპეტენციაში ზოგადად სამოსამართლეო თვალსაზრისით ეჭვი არ შემაქვს, თუმცა აქ საუბარია ვიწრო მიმართულებით შესაბამის ცოდნაზე“ - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
ვიწრო სპეციალიზაციის შექმნასთან დაკავშირებით გარდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი BMG-სთან საუბარში სხვა ხარვეზებზეც აპელირებს. ჯანეზაშვილის თქმით, საქართველოს სასამართლოებში საქმეთა განაწილება ელექტრონული წესით ხდება და ამ პროცესში აუცილებელი პირობაა, რომ დაცული იყოს შემთხვევითობის პრინციპი.
„მაშინ, როდესაც იქმნება ვიწრო სპეციალიზაციები, სადაც მხოლოდ 5 მოსამართლეა წარმოდგენილი, ჩნდება კითხვა თუ რამდენად არის დაცული შემთხვევითობის პრინციპი“ - განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.
მისი თქმით, მნიშნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევისა და განაწილების პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული და იყოს ინფორმირებული ყველა პროცედურების შესახებ, რადგან თავიდან იყოს აცილებული ესა თუ ის გადაცდომა.

























