რევაზ კაკულია, რომელმაც საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების მოსალოდნელ შედეგებზე წერს. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის იქნება წყალში ჩაყრა ყოველივე იმის, რაც კი აქამდე გაკეთებულა თაობათა მიერ და შემდგომი თაობებისთვის და ასიათასობით ქართველის მასშტაბური პირადი ტრაგედიის მიზეზი.
"ამის წარმოდგენა დაშვების დონეზეც კი მზარავს. ყოველ დილით თვალს იმ იმედით ვახელ, რომ ეს ყოველივე ავი სიზმარია. აქამდე, საერთოდ როგორ მოვედით!?ვიზალიბერალიზაცია (რომ არაფერი ვთქვათ მოგვიანებით ავანსად მოცემულ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის საოცნებო სტატუსზე!) საუკუნის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარია. მისი დაკარგვა იქნებოდა არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის, ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი,
- არა მხოლოდ საქართველოს ანტიცივილიზაციურ ჩიხში განუსაზღვრელი ვადით გამომწყვდევის და გაწირვის ტოლფასი,
- არა მხოლოდ წყალში ჩაყრა ყოველივე იმის, რაც კი აქამდე გაკეთებულა თაობათა მიერ და შემდგომი თაობებისთვის, არამედ
- ასიათასობით ქართველის მასშტაბური პირადი ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც ნაწილი მყისიერად, ნაწილი კი მოგვიანებით შეეჯახება.
მათ შორის:
- წლობით, თუ არა სამუდამოდ, უამრავი ქართული ოჯახის მოწყვეტა ერთმანეთისგან; ასაკში მყოფი მშობლებისა უცხოეთში სხვადასხვა მიზეზებით მყოფი შვილებისგან და შვილიშვილებისგან, სტუდენტებისგან თუ ემიგრანტებისგან, ან პირიქით;
- უამრავი ადამიანისთვის ბოლო იმედის, დროული და უფასო მკურნალობის შესაძლებლობის მოსპობა ევროპის არაერთი ქვეყნის კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებაში;
- არსებითად (და არა მხოლოდ "ტექნიკურად"!) გართულებული მოგზაურობისა და მობილობის შესაძლებლობა, ხოლო პრაქტიკულად კი, ვიზის მიღების შეუძლებლობა - მოსახლეობის აბსოლუტური (!) უმრავლესობისთვის;
- მნიშვნელოვნად გართულებული და გაძვირებული საგანმანათლებლო, კვლევითი, ბიზნეს შესაძლებლობები და კავშირები;
- უარყოფითი სიგნალი ინვესტორებისთვის; დასავლური ინვესტიციების, ანტერპრენული კოლაბორაციის, ცოდნის და ტექნოლოგიური ტრანსფერის მკვეთრი შეფერხება;
- სეზონურ და დროებით სამუშაოებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების გამომუშავების და ამგვარად, ოჯახების შენახვის შესაძლებლობის წართმევა ათიათასობით აქამდე შეუფერხებლად მოგზაური საქართველოს მოქალაქისთვის;
- ქუთაისის აეროპორტის შემდგომ ფუნქციონირებასთან, იაფ ავიაფრენებთან, ტურისტულ კომპანიებთან და სექტორში დასაქმებულებთან დაკავშირებული განჭვრეტადი პრობლემების მთელი ჯაჭვი;- გარდაუვალი სტაგნაცია, ეკონომიკური დაღმასვლა, უმძიმესი სოციალური პრობლემები.
- შიდა პოლარიზაციის და გაუცხოების შემდგომი გაღრმავება, ახალგაზრდობის და კვალიფიციური სამუშაო ძალის გადინება, ინტელექტუალური და კულტურული დეკადანსი, კრიმინალის და ორგანიზებული დანაშაულის მკვეთრი მატება, მძაფრი დემოგრაფიული კრიზისის და დისბალანსის გაღრმავება, და ასე შემდეგ.
რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი საერთო ნაციონალური, ისტორიული, კონსტიტუციური, და გნებავთ კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი მისიისა და მიზნების, ასევე, ევროკავშირიდან იმ ასეულობით მილიონი ევროს დახმარების მიღების პერსპექტივის ჩაგდებაზე, რაც ჩვენი როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სარგებელი უნდა ყოფილიყო, ეკონომიკის და სხვადასხვა სექტორების სწრაფი სტრუქტურული განვითარების მხარდაჭერისთვის მიმდინარე და უახლოეს პერიოდში.
დიახ, სწრაფი განვითარების, თაობათა ხორცშესხმული ოცნების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედნიერების, ჩვენს "სულიერ სივრცეში" რეალური გაბრწყინების ნაცვლად, ამის იქით - მხოლოდ ჭაობია, სრული უპერსპექტივობა, დისტოპიური სიმახინჯე, მოსახლეობის ფართო ფენების გაღატაკება, საყოველთაო აპათია, მორიგი დაღუპული თაობები, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მიღწევების სწრაფი ეროზია და კოლაფსი;
შედეგად კი, საბჭოეთის ყველაზე ცუდ ვერსიაში შებრუნებისა და საბოლოო დაღუპვის რეალური საფრთხე. ვერანაირი ალტერნატიული რესურსებით, საეჭვო წარმომავლობის და დანიშნულების ინექციებით, მზარდი ფინანსური ხვრელების ამოვსების მცდელობა ვერ გადაარჩენს ჩვენს ოცნებას თავისუფალ, დემოკრატიულ, აყვავებულ, ევროპულ საქართველოზე. ეს იქნება მხოლოდ მანიპულატიური მცდელობა სრული კატასტროფის შენიღბვის, იმ კატასტროფისა, რომ საქართველო და მისი ჭეშმარიტი იდენტობაც, როგორადაც ის ჩვენ ისტორიულად ვიცით და გვიყვარს, უბრალოდ აღარ იარსებებს."ფეხებზემკიდია", "მეარშემეხება", "მოდითავიმოვიტყუოთ", ლუარსაბ თათქარიძის სახელობის, ოდენ "ჭამა-სმისა და მონელების საზოგადოებას" კი, გლობალური ტრანსფორმაციისა და პროგრესის ახალ ეპოქაში, საკუთარი შთამომავალიც აღარ ეყოლება უბრალო მომკითხავად, უფუნქციო ტერიტორიად გადაქცეულ ყოფილ განვითარებად ქვეყანაში.არ გამოვა აქ წაყრუება და არც პილატესავით ხელების დაბანა.
დანტეს "ღვთაებრივი კომედიიდან" პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, - ამის დამშვებებმა, ყველანაირი იმედები გარეთ უნდა დავტოვოთ.ამიტომაც..გეაჯებით, გთხოვთ,ყველას, ვისაც ეხება..ყველას, ვისაც სიტყვა ეთქმის..სანამ კიდევ დროა - ეს ... არ დავუშვათ.
ქვეყანას ნუ გადავჩეხავთ.
შვილებს, მოყვასთ, მომავალს ნუ გავწირავთ.
სიცოცხლეს საზრისს ნუ დავუკარგავთ.
ამ საზარელი კოშმარის ახდენას, ნუ დავუშვებთ !!
რუსული პროპაგანდისტული ბოდვები და კართაგენის შიში უნდა დააინგრეს, სიკეთემ, გონიერებამ, ქვეყნის სიყვარულმა, ღირსებამ, - ილიას, ვაჟას, ქაქუცას, ზვიადის, მერაბის, 9 აპრილისა და ევროპული გზის თაობის საქართველომ, აუცილებლად უნდა იმძლავროს.
მჯერა -იმძლავრებს კიდეც !!!", - წერს რევაზ კაკულია.




























