მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ქართველმა მეზღვაურებმა შეიძლება კონკურენტუნარიანობა დაკარგონ - IDFI

გოგა თუშურაშვილი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დაკარგვა ემუქრებათ, - ამის შესახებ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა, BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

თუშურაშვილის თქმით, ქართველ მეზღვაურებს ხშირად უწევთ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო გადაადგილება იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ. უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დამსაქმებელ კომპანიებს მათ ტრანსპორტირებაზე დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ, რაც ქართველი მეზღვაურების დაქირავებას მათთვის ნაკლებად მოგებიანს გახდის.

„ქართველმა მეზღვაურებმა შეიძლება დაკარგონ კონკურენტუნარიანობა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შედარებით, რომლებსაც უვიზო მიმოსვლა აქვთ და კომპანიებს ნაკლებ ხარჯად უჯდებათ მათი დანიშნულების ადგილზე ჩაყვანა“, - აღნიშნა თუშურაშვილმა.

გარდა მეზღვაურებისა, მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პირველ რიგში დააზარალებს საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ევროპაში მოკლევადიან სამუშაოებზე მიდიან. როგორც თუშურაშვილი ამბობს, ბოლო წლებში ამ მხრივ მობილობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ბევრი მოქალაქე ცდილობს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში ევროპაში სამუშაო იშოვოს. მოქმედებს სხვადასხვა სეზონური პროგრამა, რაც პირდაპირ ფულად გზავნილებზეც აისახება. 2017 წლიდან ფულადი გზავნილები 400 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ 400 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს დამატებითი 1 მილიარდი დოლარი მხოლოდ ოჯახებს არ ხმარდება და რეალურად, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორიცაა,“ - განაცხადა თუშურაშვილმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა მხოლოდ მოკლევადიან დასაქმებას, არამედ ყველა იმ სფეროს დააზარალებს, სადაც მოქალაქეებს ან ბიზნესს ევროპაში გადაადგილება სჭირდებათ.

„ვისაც ევროპაში ვიზიტების განხორციელება სჭირდება - იქნება ეს მეზღვაური, ბიზნესმენი თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ან ვიზის ლოდინი მოუწევს, ან საერთოდ დაკარგავს ამ შესაძლებლობას“, - დასძენს თუშურაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები