აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თინათინ ზოიძის განცხადებით, აჭარა ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება.
როგორც მან განაცხადა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებისგან, ასევე აჭარის მთავრობისგან დავალება აქვთ, რომ საზღვაო ტურისტული სეზონის წარმატებით მუშაობაზე იზრუნონ.
„გამოწვევები ამ მიმართულებით არის და უნდა აღინიშნოს რომ როგორც სერვისის, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პანდემიას გავლენა ჰქონდა. მოუხედავად ამისა, ქალაქიც და მუნიციპალიტეტებიც აქტიურად მუშაობენ, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული იყოს.
ჩვენ უკვე თვეებია კონკრეტული დავალება მივიღეთ, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებისა და აჭარის მთავრობისგან, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იმ საკითხებზე ვიმუშაოთ, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყოს.
ბათუმში ძირითადი ტურისტული ადგილებია, მაგალითად, ბათუმის ბულვარი, ქალაქის ქუჩები, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რომ მოწესრიგებული იყოს და ჩვენ ამაზე შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად ვმუშაობთ. ასევე მნიშვნელოვანია ბათუმში ჩამოსულ ტურისტს დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები დახვდეს, რომ მას საინტერესოდ დასვენება შეეძლოს. ამისთვის ჩვენ, როგორც ქალაქში ისე მუნიციპალიტეტებში, განსხვავებული ტურისტული პროდუქტები შევქმენით, მაგალითად წელს პირველად შეძლებს ვიზიტორი აჭარაში კანიონინგით ისარგებლოს.
ასევე ბოტანიკურ ბაღში განახლდა სერვისები და ატრაქციები დაემატა, მაგალითად როგორიცაა ზიპლაინი. ასევე ეროვნულ პარკებში ბილიკები განახლდა. მოეწყო და დაემატა მისასვლელი ბილიკები ახალ ჩანჩქერებზეც. კერძო სექტორი აქტიურად მუშაობდა და ბოლო 2 წელიწადში პანდემიის დროს რეგიონში 100-ზე მეტი ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა, რომელიც წელს ვიზიტორებს მომსახურებას შესთავაზებს", - აღნიშნა გადაცემა "საქმის კურსში" ზოიძემ.