რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკუთარი დაცვის სამსახურის ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის განკარგულებას ხელი მოაწერა. როგორც ირკვევა, ახალი დოკუმენტის საფუძველზე უწყების სათავო ოფისის თანამშრომელთა რაოდენობა 785-დან 812-მდე გაიზარდა. The Moscow Times-ის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეს გადაწყვეტილება სამსახურის პერსონალის გაფართოების რიგით მეოთხე შემთხვევაა.
ცნობისთვის, უწყების შტატის წინა ზრდა 2025 წლის 1 იანვარს დამტკიცდა. მანამდე კი, რუსეთის ლიდერმა თანამშრომელთა რიცხვი 2024 წლის 1 იანვარს 775-მდე გაზარდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სრულმასშტაბიან ომამდე FSO-ს ცენტრალური ოფისი თითქმის 13 წლის განმავლობაში არ გაფართოებულა და ის 760 ადამიანს არ აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის დაცვის სამსახური არის გასაიდუმლოებული უსაფრთხოების ორგანო, რომელიც ქვეყნის უმაღლესი პირების, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის პალატების სპიკერების, უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებისა და გენერალური პროკურორის უსაფრთხოებას იცავს.
უწყების სტრუქტურა მოიცავს პუტინის პერსონალური დაცვის ქვედანაყოფს, რომელიც პრეზიდენტს გადაადგილებისას თან ახლავს და მის რეზიდენციებს იცავს. ამას გარდა, სამსახური უსაფრთხო კავშირგაბმულობას უზრუნველყოფს და საზოგადოებრივ განწყობებს აკვირდება.




























