"მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა გათვლილია 18-დან 40 წლამდე ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ აქტიური იდეები.
"იკვრება ერთი დიდი წრედი, რომლის სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა კუთხით განსაზღვრულია დამწყები და მცირე მეწარმეების დახმარებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან წარმატებული. ასევე, მინდა გითხრათ რომ მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს.
ანუ ის პროექტები, რომლებიც იქნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და რომლებსაც კაპიტალის, ანუ თანამონაწილეობის ნაკლებობა ექნებათ. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებული ტალღა. ყველა ეს პროექტი ქმნის იმ გარემოს, იმ ეკოსისტემას, რომელშიც ახალგაზრდა ფაქტობრივად ყველანაირად იქნება წახალისებული და ყველა პირობა იქნება შექმნილი რომ გახდეს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი. არაფერი მაქვს იმ ადამიანების საწინააღმდეგო, რომლებიც არიან დასაქმებულები, დაქირავებული მოხელეები, თუმცა ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ენერგია, რომელიც სულ სხვა დინამიკას მოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

























