მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვმუშაობთ თბილისის არსებული აეროპორტის რამდენიმეწლიანი განვითარების გზების იდენტიფიცირებაზე - ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

პარიზის საერთაშორისო საავიაციო გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციის, პარიზის შარლ დე გოლის, ორლის და ლე ბურჟეს აეროპორტების მფლობელი და მმართველი ADP ჯგუფის გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ფილიპ პასკალს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების და მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები.

ცნობისთვის, ADP საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც ასევე მართავს 26 საერთაშორისო აეროპორტს მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საავიაციო ჰოლდინგს. TAV Airports-იც, რომელიც დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას ახორციელებს, ADP-ის გაერთიანებაში შედის.

როგორც ეკონომიკის უწყების პრესრელიზიდან ხდება ცნობილი, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ADP Group-სთან თანამშრომლობა.

მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში 2024 წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა. მისივე თქმით, "ავიაციის დარგში რეკორდული მაჩვენებლების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა ქვეყნის თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - ქუთაისში განახლდება 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, ხოლო თბილისში დაგეგმილია სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა. ვაზიანის აეროპორტი წელიწადში 19 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რომელიც რეგიონული ავიაჰაბის ფუნქციას შეასრულებს”.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ვაზიანში ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე თბილისის არსებული აეროპორტი, გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახუროს. „შესაბამისად, ჩვენი გუნდი მუშაობს არსებული აეროპორტის რამდენიმეწლიანი განვითარების საუკეთესო გზების იდენტიფიცირებაზე,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

თავის მხრივ ADP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფილიპ პასკალმა განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის.

"ჩვენ განვიხილეთ საქართველოში აეროპორტების განვითარების სამომავლო პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში გვაკავშირებდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობას მომავალშიც განვავითარებთ,“ - განაცხადა ფილიპ პასკალმა.

TAV Airports-ის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მზად არიან ვაზიანის ახალი აეროპორტის სრულად ამოქმედებამდე, თბილისის მოქმედ აეროპორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებისთვის.

"ამის მიზანი ამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ აეროპორტმა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით, საიმედო და მდგრადი ფუნქციონირება შეძლოს, რათა ეფექტურად მოემსახუროს მომატებულ მგზავრთნაკადს“, - აღნიშნა მან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის.

ცნობისთვის, თბილისთან, კერძოდ, კი ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენების გეგმები "ოცნების" მთავრობამ გასულ წელს გააჟღერა. გასულ წელსვე ცნობილი გახდა, რომ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება.

საქართველოს მთავრობის გათვლებით, ვაზიანში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2028 წლიდან ამოქმედდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები