თელავის აეროპორტის განვითარებაზე მუშაობა მიმდინარეობს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სხვა აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც აქტიურად მუშაობენ.
"სულ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება და შესაბამისი სერვისები დაემატება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ზომის ბორტები და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვავითარებთ სერვისებს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახლაც მიდის სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ გაფართოვდეს არსებული ტერმინალი და შესაბამისად, უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. დამატებით ვმუშაობთ ადგილობრივ აეროპორტებზეც შიდა ფრენების განხორციელების თვალსაზრისით და ამ კუთხით ვმუშაობთ თელავის აეროპორტის განვითარებაზე და მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, 26 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.
თელავის აეროპორტზე ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო. აეროპორტის მშენებლობა არც 2026 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული.
თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მხოლოდ ორი შიდა დანიშნულების აეროპორტი (მესტია და ამბროლაური) აქვს, სადაც ფრენებს 2018 წლიდან სახელმწიფოსთან არაერთხელ გაგრძელებული ხელშეკრულების საფუძველზე, „აკ-ეარ ჯორჯია" ნატახტრიდან ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შიდა ფრენები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია.




























