მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვნახოთ, როგორ გავანაწილებთ ₾10 მილიარდს“ - მინისტრის მოადგილე ექთნების ხელფასების მომატების პერსპექტივაზე

ექთანი

ექთნების დაბალი ხელფასები, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და კლინიკებში არსებული კრიზისი - ეს ის საკითხებია, რაზეც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვისას "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ ყურადღება გაამახვილეს.

პარლამენტარ ქეთევან ბაკარიძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ამბულატორიის ექთნების სახელფასო ფონდის ზრდა იგეგმება, გაურკვეველი რჩება სტაციონარის კერძოდ, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების ექთნების ბედი, რომლებიც ყველაზე მაღალი დატვირთვით მუშაობენ.

„ეს რეალურად ის კადრია, რომელიც ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობს. საუბარია იმაზე, რომ ერთ ექთანზე იმაზე მეტი პაციენტი მოდის, ვიდრე დაშვებულია. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს კრიზისი უფრო არ გაღრმავდეს და კატასტროფაში არ გადაიზარდოს“, - განაცხადა ბაკარიძემ.

მანვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ექთნების შრომითი პირობების ფონზე, სამინისტროში საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდი იზრდება მაშინ, როდესაც დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვის დასმის პროცესში ბაკარაძეს მიმართა:

ზაზა ლომინაძე: „ქალბატონო ქეთევან, ბოდიში, მაგრამ მაგ მიმართულებით ხომ იცით, რომ მინიმუმია დაწესებული, როგორც სახელფასო მინიმუმი, ისე პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის მოვლის უფლება და ვალდებულებაც ექთანს აქვს"

ქეთევან ბაკარაძე: - თუმცა, ხშირად ეს სტანდარტები ირღვევა",

ზაზა ლომინაძე: თუ ასეთი ფაქტები ხდება, სამინისტროსა და შესაბამის დაწესებულებას უნდა აცნობოთ.“

ქეთევან ბაკარიძე: რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას. მართალია, დაწესებულია როგორც სახელფასო მინიმუმი, ისე ექთანზე პაციენტების რაოდენობის სტანდარტი, მაგრამ ეს სტანდარტი დაცული არ არის. საუბარია იმაზე, რომ ერთ ექთანზე იმაზე მეტი პაციენტი მოდის, ვიდრე დაშვებულია. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს და კატასტროფაში არ გადაიზარდოს. სიამოვნებით გაგესაუბრებით თქვენც და იმ წარმომადგენლებსაც.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც სამინისტროს თანამშრომლების, ანუ საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდი იზრდება მაშინ, როდესაც დასაქმებულთა რიცხოვნობა უცვლელია.

დეპუტატების კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ უპასუხა. მან განმარტა, რომ კერძო სექტორში მოქმედი კლინიკებისთვის სახელფასო ვალდებულებების დამატებამ შესაძლოა უარყოფითი ეფექტი გამოიწვიოს და ტვირთად ისევ პაციენტებს დააწვეს.

მისი თქმით, გასულ წელს ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.90 ლარით განისაზღვრა, ხოლო შემდგომი ნაბიჯები ჯანდაცვის ₾10-მილიარდიანი ბიუჯეტის გადანაწილებაზეა დამოკიდებული.

„დღეს რაზეც ვსაუბრობთ, არის თანხები, რომლებიც მოცემულია ამწუთას არსებული ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით. ჩვენ უნდა დავსხდეთ და 10 მილიარდი, რომელიც ჩვენთვისაა გამოყოფილი, ძალიან ჭკვიანურად გადავანაწილოთ. მათ შორის ჰოლდინგში შემავალი კლინიკების პერსონალთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ექთნებს, გასულ წელს ექთნის მინიმალური ანაზღაურება საათობრივად დადგინდა 4.90 ლარის ოდენობით. ნებისმიერი დამატებითი ტვირთი კერძო სექტორისთვის დაკისრებული, შეიძლება დამატებით ტვირთად დაუბრუნდეს პაციენტს. ამიტომ არ ვიცი... გასააზრებელია ეს თემა. მე არ ვამბობ, რომ არა და არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არის შესაწონი ის სიკეთეები და უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება ერთმა ან მეორე მიდგომამ გამოიწვიოს. რაც შეეხება სახელმწიფო კლინიკებს, ვნახოთ, როგორ გავანაწილებთ იმ 10 მილიარდს, რომელიც ჩვენთვისაა გამოყოფილი. არას მე ამწუთას ვერ ვიტყვი“, - განაცხადა წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები