საერთაშორისო მოდური გამოცემა Vogue ქართულ მოდას კიდევ ერთ სტატიას უძღვნის. ამჯერად სტატიაში ქსოვის ინდუსტრიასა და საქართველოში მის განვითარებაზეა საუბარი.
"საქართველოში ქსოვის ინდუსტრია სწრაფად იზრდება",- ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა სტატიას.
"დღესდღეობით საუკეთესო მოქსოვილი ტანსაცმელი არ მზადდება იტალიაში. ნამდვილი ნაქსოვი დღეს საქართველოშია. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის 2017 წლის შემოდგომის კოლექციებში, თითქმის ყველა შოუზე წარმოდგენილია ნაქსოვი ქვედაბოლოები და სვიტერები",- წერს ავტორი და აქვე საუბრობს კონკრეტული დიზაინერების კოლექციებზე, მათ შორის თამუნა ინგოროყვაზე, ქეთი ჩხიკვაძეზე, ლაკო ბუკიასა და ლალოს მოსაცმელებზე.
ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ქსოვას უდიდესი ისტორია აქვს და სწორედ ამიტომაა ქართული ნაქსოვი ერთ-ერთი საუკეთესო.
"ეს უკვე ქვეყნის კულტურული დნმ-ის ნაწილია, რომელიც საქართველოში და კავკასიაში ქრისტეს შობამდე 3-4 ათასი წლით თარიღდება. Tbilisi Fashion Week-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონიია ქართულ ნაქსოვს "მთების Missoni-ის" უწოდებს",- ნათქვამია სტატიაში.

























